ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ სირიაში ოფიციალური ვიზიტის დროს თანამშრომლობის შესახებ 15 ხელშეკრულება გააფორმა.
ეს არის დამასკში ირანის სახელმწიფო მეთაურის პირველი ვიზიტი 2011 წლის შემდეგ, როცა სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო.
ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, 3 მაისს სირიაში ორდღიანი ვიზიტით ჩასულმა რაისიმ ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან ერთად.
ირანი ასადის ახლო მოკავშირეა და მის ძალებს სამხედრო დახმარებას უწევს მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც ასადის ჩამოგდება სურთ.
ლიბანის ტელე-რადიო არხ „ალ-მაიადინის“ თანახმად, ირანსა და სირიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებები მოიცავს თანამშრომლობას სოფლის მეურნეობაში, ნავთობის, ასევე თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის სფეროში, სარკინიგზო მიმოსვლასა და საზღვაო სერტიფიცირების ორმხრივი აღიარების საქმეში.
რაისის ვიზიტი სირიაში მიმდინარეობს ირანის მთავარ რეგიონულ მეტოქესთან, საუდის არაბეთთან დაახლოების ფონზე. საუდის არაბეთი ადრე ასადის მოწინააღმდეგე მეამბოხეებს უჭერდა მხარს. 1 მაისს იორდანიაში სირიელ კოლეგებთან შეხვედრა გამართა არაბული ქვეყნების ოთხმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მათ განიხილეს ნაბიჯები, როგორ მოაგვარონ სირიის კრიზისი და სირიის მთავრობასთან ურთიერთობები.
სირია 2011 წელს გარიცხეს არაბული ქვეყნების ლიგიდან, რომელშიც 22 სახელმწიფოა გაერთიანებული. გარიცხვის მიზეზი იყო სირიის მთავრობის მიერ დემოკრატიული ამბოხების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენება, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა.
ისრაელი, სირიის და ირანის მოსისხლე მეტრი, სისტემატურად ბომბავს სამიზნეებს მეზობელ სირიაში, რითაც ცდილობს ხელი შეუშალოს თეირანს იქ გავლენის გაფართოებაში.