Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტის სპიკერი მოითხოვს ისეთი იარაღის გამოყენებას, რომელიც „გაანადგურებს კიევის რეჟიმს“


ვოლოდინი თავის განცხადებაში, რომელიც Telegram-ით გავრცელდა, წერს, რომ ამ სავარაუდო თავდასხმის შემდეგ რუსეთმა არ უნდა აწარმოოს მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტთან.
ვოლოდინი თავის განცხადებაში, რომელიც Telegram-ით გავრცელდა, წერს, რომ ამ სავარაუდო თავდასხმის შემდეგ რუსეთმა არ უნდა აწარმოოს მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტთან.

რუსეთის პარლამენტის - სახელმწიფო დუმის - თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა კრემლზე უკრაინის დრონის სავარაუდო თავდასხმის საპასუხოდ მოითხოვა, გამოიყენონ „იარაღი, რომელიც შეძლებს შეაჩეროს და გაანადგუროს კიევის ტერორისტული რეჟიმი“.

ვოლოდინი თავის განცხადებაში, რომელიც Telegram-ით გავრცელდა, წერს, რომ ამ სავარაუდო თავდასხმის შემდეგ რუსეთმა არ უნდა აწარმოოს მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. რუსეთმა ადრე გამოაცხადა, რომ ღიაა მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მიანიშნა, რომ მოლაპარაკებას გამართავს მხოლოდ თავისი პირობებით.

კრემლის პრესსამსახურმა 3 მაისს გაავრცელა ცნობა, რომ ღამით „კიევის რეჟიმს“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის კრემლის რეზიდენციაზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის მცდელობა ჰქონდა. „ორი უპილოტო საფრენი აპარატი მიმართული იყო კრემლისკენ. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების გამოყენებით დროული მოქმედებების შედეგად, აპარატები მწყობრიდან გამოიყვანეს. მათ ჩამოვარდნას და კრემლის ტერიტორიაზე ფრაგმენტების მიმოფანტვას მსხვერპლი და მატერიალური ზარალი არ მოჰყოლია“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კრემლი მომხდარს „ტერორისტულ აქციად“ და „პრეზიდენტზე თავდასხმად“ აფასებს. „რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები იქ და მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის თანახმად, უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლზე ე.წ. ღამის შეტევაზე. ამის თაობაზე ნიკიფოროვმა გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ უთხრა: „ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის შეტევების შესახებ, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას უკრაინა მიმართავს თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა სხვებისაზე შესატევად...“

XS
SM
MD
LG