Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქსეროქსი“ 48%-ით მეტი ღირს - გაძვირებული პროდუქტების ათეული საქსტატის მიხედვით


ასლის გადაღება ბოლო ერთ წელიწადში 48%-ით გაძვირდა
ასლის გადაღება ბოლო ერთ წელიწადში 48%-ით გაძვირდა

ახალი ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურებების ხუთეულში შედის ასლის გადაღება - „დაქსეროქსება“.

ინფლაციის შესახებ 3 მაისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ასლის გადაღება 48.1%-ით გაძვირდა.

საქსტატის მონაცემები თვეების მიხედვით აჩვენებს, რომ ფასი დაახლოებით ბოლო ექვსი თვეა, არ შეცვლილა, და ზრდა 2022 წელსვე დაიწყო - ასლის გადაღება აპრილ-სექტემბრის პერიოდში, გაძვირდა.

რადიო თავისუფლებამ თბილისში, რამდენიმე ჯიხურში იკითხა, რა ღირს დოკუმენტის გამრავლება და აღმოჩნდა, რომ უმრავლესობაში ერთი გვერდის შავ-თეთრი ასლი 20 თეთრი ჯდება. 2-ჯერ მეტი, ვიდრე წლის დასაწყისში. „დაქსეროქსების“ ფასი საღებავისა და ქაღალდის გაძვირებამ გაზარდაო, ამბობენ ამ სფეროში დასაქმებულები.

„ქაღალდი შემოდიოდა ძირითადად რუსეთიდან. ომის ფონზე, რუსეთში ევროპიდან არ შედიოდა ქაღალდის დამზადებისთვის საჭირო ქიმიკატები, რამაც რუსეთში გააძვირა ქაღალდი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სტეფან აბრამიანი. ის სააკაძის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, ტექნიკური უნივერსიტეტის სიახლოვეს ამუშავებს „ქსეროქსის“ ჯიხურს.

უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულმა სანქციებმა ერთ-ერთი პირველი, რაზეც დეფიციტი შექმნა რუსეთში, საოფისე ქაღალდი იყო, მათ შორის, არა მხოლოდ იმპორტირებულზე.

რუსული ქარხნები ქაღალდის დამზადებისთვის საჭირო ქიმიკატების გარეშე დარჩნენ, მაგალითად, ისეთის, როგორიც მათეთრებელია. ამის მიუხედავად, საქართველოსთვის ქაღალდის მთავარ იმპორტიორად კვლავ რუსეთი დარჩა.

2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში ქაღალდის იმპორტმა 1.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წელს კი 4.3 მლნ აშშ დოლარი - რამაც ქაღალდის შარშანდელი სრული იმპორტის 30% შეადგინა.

2022 წელს სხვა იმპორტიორები იყვნენ ინდოეთი (24%), თურქეთი (16%) და ტაილანდი (7%).

კიდევ რა გაძვირდა?

ასლის გადაღება საქსტატის ინფლაციის სტატისტიკაში მე-4 ადგილს იკავებს - ანუ ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებსა და მომსახურებებს შორის მე-4 ადგილზეა.

ყველაზე გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურებების ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. სანოტარო გადასახდელი - წინა წლის აპრილთან შედარებით 95.6%-ით; მაგალითად, ანდერძის დადასტურება, ნაცვლად 9 ლარისა, ახლა 16 ლარი ღირს;
  2. ხახვი - 92%-ით - ხახვის გაძვირება დეფიციტსა და საერთაშორისო ბაზრებზე ფასის ზრდას უკავშირდება;
  3. სარეცხი საპონი - 49%-ით;
  4. ასლის გადაღება - 48%-ით;
  5. მშრალი ბატარეა - 42%-ით;
  6. დასწრება სპექტაკლზე - 35%-ით;
  7. სიმინდის ფქვილი - 35%-ით;
  8. კარტოფილი - 33%-ით;
  9. მწვანე ლობიო - 33%-ით;
  10. მეტროთი მგზავრობა - 31%-ით.

ამ რიცხვების მიუხედავად, საქსტატის სტატისტიკა ასევე უჩვენებს, რომ საქართველოში პროდუქტზე ფასების ზრდის ტენდენცია იცვლება - აპრილში, მარტთან შედარებით, ინფლაცია შემცირებულია. კერძოდ:

  • აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ფასები შემცირებული 0,7 პროცენტით;
  • აპრილში, წინა წელთან შედარებით, ფასები გაზრდილია 2,7 პროცენტით.

გასულ თვეში ინფლაციის შემცირებაზე გავლენა ჰქონდა:

  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების 2,1%-ით გაიაფებას;
  • ტრანსპორტის ღირებულების 2%-ით შემცირებას.

თუმცა, ფასები გაიზარდა:

  • ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 2,1%-ით;
  • ჯანდაცვაზე - 0,9%-ით.
XS
SM
MD
LG