ევროკომისიამ 2 მაისიდან 5 ივნისამდე აკრძალა ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირას თესლის ექსპორტი უკრაინიდან ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.
კვლავაც ნებადართულია ამ ქვეყნების გავლით უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანზიტი, საქონლის ექსპორტი ასევე შესაძლებელია ევროკავშირის ყველა სხვა წევრ ქვეყანაში.
„პარალელურად ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა პირობა დადეს, რომ გააუქმებენ ცალმხრივ ზომებს ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირას თესლის, ისევე როგორც უკრაინიდან შემოსული ნებისმიერი სხვა პროდუქტის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან მიაღწია შეთანხმებას უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტის შეზღუდვის შესახებ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მიიღებს გადაუდებელ ზომებს ამ ქვეყნების საწყობებში დაგროვილი უკრაინული მარცვლეულის გასატანად და რომ ასევე დაახლოებით 100 მილიონ ევროს გამოყოფს ამ ქვეყნებში ადგილობრივი სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად.
2022 წლის მაისში ევროკავშირმა ერთი წლით გააუქმა გადასახადები და კვოტები უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე, როგორც ღონისძიება მეომარი ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად. მარცვლეულის გარდა, გადასახადები და კვოტები ასევე გაუქმდა უკრაინის სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზე, მათ შორის ზეთოვან კულტურებზე, შაქარზე, ფრინველის ხორცსა და კვერცხზე.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი ნაწილი პოლონეთისა და სხვა სასაზღვრო ქვეყნების გავლით გაეგზავნებოდა შემდგომ მომხმარებლებს, მათ შორის აზიასა და აფრიკაში. თუმცა, რეალურად პოლონეთში, ისევე როგორც უნგრეთსა და რუმინეთში, უკრაინული პროდუქციის დიდი რაოდენობა შეჩერდა და კონკურენციას უწევდა ადგილობრივ მწარმოებლებს.
ამან უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნების ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია. იაფფასიანი უკრაინული პროდუქციის შემოდინებამ გადასახადების არარსებობის გამო გამოიწვია ის, რომ მათ საკუთარ პროდუქტებს შეუმცირდა კონკურენტუნარიანობა. მათ არ შეუძლიათ პროდუქციის ფასის დაწევა და მათი წარმოება წამგებიანი ხდება. პოლონეთში ფერმერების საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ჰენრიკ კოვალჩიკი თანამდებობიდან გადადგა.
აპრილის შუა რიცხვებში პოლონეთმა, უნგრეთმა, ბულგარეთმა და სლოვაკეთმა უკრაინული პროდუქციის იმპორტის დროებითი აკრძალვა შემოიღეს, მსგავსი ზომები განიხილა რუმინეთმაც.