Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემო - პუტინის სამხედრო აგრესიის ჩუმი მსხვერპლი (ნაწ. 1)


ავტორი: გიორგი მეფარიძე

აგრესორი არ ერიდება არაფერს და ყველაფერს ესვრის ბომბებს. შესაძლოა, ჩვენ უკვე გვაქვს საფრთხე ტექნოგენურ კატასტროფებთან“

2008 წელს საქართველოში შემოჭრისა და ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის სამხედრო აგრესია კიდევ უფრო საზარელი ფორმებით მეზობელ უკრაინაში გაგრძელდა. კრემლის დანაშაულებრივმა ომმა ასეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხოვრება ტრაგიკულად შემოატრიალა. პუტინის მიერ დაგეშილმა ბარბაროსებმა უკრაინის, მთელი შავი ზღვის რეგიონის ეკოლოგიასაც უზარმაზარი ზიანი მიაყენეს. აუცილებლად დადგება დღე, როცა ამ ყველაფერს საერთაშორისო ტრიბუნალი განიხილავს და ყველა დამნაშავეს ისტორიის სანაგვეზე კუთვნილ ადგილს მიუჩენს.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომისა და ატენის ხეობაში 950 ჰექტარი ტყის მასივი რუსულმა მხარემ გადაწვა. ხანძარი რამდენიმე კვირას გრძელდებოდა და მარტო ბორჯომში 250 ჰექტრის მოცულობის წიწვოვანი ტყე სრულად გაანადგურა. ასევე, ფოთის პორტში სამხედრო გემების განადგურებისას ზღვაში მიზანმიმართულად ნავთობი, საწვავი ჩაღვარეს და აკვატორია დააბინძურეს.

საქართველოს შემდეგ „მოსკოვის ურდოს“ ბოროტება კიევის წინააღმდეგ გამოვლინდა მთელი თავისი სისასტიკით.

„დავიწყებული ეკოლოგია: როგორ აისახება კლიმატზე რუსეთ-უკრაინის ომი“, - სტატიას ამ სათაურით ინტერნეტგამოცემა bpn.ge აქვეყნებს.

„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, კლიმატური ცვლილებებისა და ეკოლოგიის პრობლემებმა, რომლებიც კაცობრიობის წინაშე ისედაც საკმაოდ მწვავედ იდგა, როგორც ჩანს, მეორე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, მიმდინარე მოვლენების გამო, პროცესები, რომლის გამოც კლიმატური სამიტები იმართებოდა, როგორც ჩანს, დაჩქარდა. შეიარაღებულ კონფლიქტებს ეკოლოგიისთვის დიდი ზიანი მოაქვთ - ფლორა და ფაუნა ნადგურდება ხანძრების, დაბინძურებული წყლისა და ტოქსიკური გაზის გამო“, - წერს გამოცემა.

„გარემო არის კონფლიქტის ჩუმი მსხვერპლი“ , - განუცხადა The New York Times-ს არაკომერციული კონფლიქტისა და გარემოს ობსერვატორიის კვლევისა და პოლიტიკის დირექტორმა, დაგ უეირმა.

უკრაინის ტერიტორია სავსეა ქიმიური ქარხნებითა და საწყობებით, ნავთობის საცავებით, ქვანახშირის მაღაროებით, გაზსადენებით და სხვა სამრეწველო ობიექტებით, რომლებსაც შეუძლიათ დიდი რაოდენობით დამაბინძურებლების გამოყოფა დაზიანების შემთხვევაში. ზოგიერთმა მათგანმა, როგორიცაა აზოვსტალის ქარხანა, უკვე გამოუშვეს ათასობით კუბური მეტრი გაზი და სხვა საშიში ნივთიერებები ჰაერში, - წერს New York Times.

უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე კრასნოლუცკი აცხადებს, რომ საომარმა მოქმედებებმა ატომურ ელექტროსადგურებთან შეიძლება გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი რადიოაქტიური დაბინძურება. უკრაინის ტერიტორიაზე ოთხ ელექტროსადგურზე 15 ატომური რეაქტორია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) „სპეციალური ოპერაციის“ დაწყებისთანავე გააფრთხილა, რომ საომარი მოქმედებები საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული რეაქტორების მუშაობას. როდესაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა, არა მხოლოდ ატომური ელექტროსადგურის წარმომადგენლები შეშფოთდნენ, არამედ ჯო ბაიდენმა დაურეკა ვლადიმერ ზელენსკის და სასწრაფო კონსულტაციები გამართა ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტებთან.

გარდა ამისა, არსებობს რისკები, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე 465 ნარჩენებთან (რადიოაქტიური და ტოქსიკური ნარჩენების შესანახი ობიექტები), წერს VoxEurop. გარე გავლენის ან არასწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, იქ შეიძლება მოხდეს გაჟონვა, რაც გამოიწვევს მდინარეების, დნეპრისა და დნესტრის დაბინძურებას.

The Wall Street Journal წერს, რომ უკრაინისა და მეზობელი ქვეყნების ატმოსფეროს, ნიადაგისა და მდინარეების გაწმენდას დამაბინძურებლებისგან შეიძლება წლები დასჭირდეს. ამავდროულად, მავნე გამონაბოლქვი ზრდის კიბოს და რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკს რეგიონების მცხოვრებთათვის, ასევე ბავშვებში განვითარების შეფერხებას.

ამ დროისთვის, სანდო ინფორმაციისა და მონაცემების არარსებობის პირობებში, რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად აღდგება უკრაინისა და მასთან ყველაზე ახლოს მყოფი ქვეყნების ეკოლოგია. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წყლის პრობლემების ინსტიტუტის ეკოლოგი და მკვლევარი არტემ აკშინცევი ამბობს, რომ სანამ ბრძოლები გრძელდება, სამწუხაროდ, არ არის საჭირო რაიმე ადეკვატურ შეფასებაზე საუბარი შედეგებისა და აღდგენის დროზე. თუმცა, ექსპერტი განმარტავს, რომ ტერიტორიების აღდგენისთვის უკვე შესაძლებელია ნაბიჯების გადადგმა: „ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის საომარი მოქმედებების საზღვრებზე გარემოსდაცვითი პუნქტების, მათ შორის გარემოს მონიტორინგის საველე ლაბორატორიების ქსელის აღჭურვა“.

„ტკივილი, შიში… ეს ის გრძნობებია, რომლებიც ომს ყოველთვის თან სდევს. მაგრამ ომისაგან მიყენებული ზიანის ნამდვილი მასშტაბი, მხოლოდ მას შემდეგ ჩანს, როცა ომი მთავრდება“, - წერს ამ თემაზე ინტერნეტგამოცემა euronewsgeorgia.com.

„დიდი ხანია, რაც გარემო ომის ჩუმი მსხვერპლია“ - ეს შეფასება კი გაეროს ყოფილ გენერალურ მდივანს, პან გი მუნს ეკუთვნის. მისივე თქმით, ომის დროს ბუნებისათვის მიყენებული ზიანი ხშირად დამანგრეველი და მასშტაბურია.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის უკრაინის ოფისში აცხადებენ, რომ ომისაგან მიყენებული ზიანი უკრაინაში უკვე ძალიან დაეტყო გარემოს.

„ზეგავლენა გარემოზე ძალიან დიდია, რუსულმა აგრესიამ უზარმაზარი ტერიტორიები მოიცვა, განსაკუთრებით საშიშია ინდუსტრიული ზონები. უკრაინაში ბევრგანაა სახიფათო ნარჩენები, ომის გამო ეს საწყობები ახლა მიტოვებულია. რისკი დიდია, რომ მათი დაზიანების შემთხვევაში გარემო ძალიან დაზარალდეს. თუ ასეთი საცავები განადგურდება, შესაძლოა, დიდი მდინარეები დაბინძურდეს, რომლის წყალსაც მოქალაქეები სასმელად და სარწყავად იყენებენ, ეს ეკოლოგიური კატასტროფა იქნება. დაიწვა ნავთობის მარაგებიც, რამაც, შესაძლოა, შავი ზღვა საშინლად დააბინძუროს, ასევე, ჰაერში გამოიყოფა ნახშირორჟანგი და საშიში ელემენტები. ამ ჰაერით სუნთქვა მომავალში ადამიანებსა და ცხოველებს მოუწევთ. რუსეთის თავდასხმის გამო ჩვენი პროექტების უმეტესობა გაჩერდა, ახლა ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ, ჩვენგან ძირითადი ნაწილი ქალაქ კიევში მუშაობდა, რომელიც ახლა სახიფათო მდგომარეობაშია“, - აცხადებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელი ბოგდან ვიხორი (წყარო - euronewsgeorgia.com).

ირაკლი ღვალაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი იყო, ის იხსენებს, რა ეკოლოგიური ზიანი მიადგა ქვეყანას ომის პერიოდში.

„2008 წელს, ამდენი წლის შემდეგ, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ გარემოს ზიანი მიზანმიმართულად მიადგა, იყო სხვადასხვა ობიექტი, ზღვაში ჩაღვრაც, მაგალითად, როდესაც ფოთში გაანადგურეს სამხედრო გემები, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იქ იყო ნავთობი, საწვავი და ჩაიღვარა პირდაპირ და დაბინძურდა აკვატორია. გარემოსთვის მიყენებული ყველაზე დიდი ზიანი, ეს იყო, რა თქმა უნდა, ბორჯომის ხეობასა და ატენის ხეობაში. აქ დაახლოებით 950 ჰექტრამდე იყო ხანძარი. მოგეხსენებათ, მაშინ ცენტრალური გზა გადაკეტილი იყო და ერთადერთი შემოვლითი გზა იყო დარჩენილი ბორჯომის ხეობაზე და ზუსტად სოფელ დაბასთან, სადაც ეს გზა გადიოდა, ზუსტად იქ, სავარაუდოდ ტერიტორია ცეცხლგამჩენი ჭურვებით დაბომბეს, რის შედეგადაც გაჩნდა ვრცელი ხანძარი, რა თქმა უნდა, მაშინ ყველაფრის დასაფიქსირებლად, როგორც ეს დღეს ხდება, მაშინ ამის ტექნიკური საშუალებები არ იყო. მეორე მომენტიც იყო, ამხელა ზარალის მიუხედავად, საერთაშორისო დონეზე დიდი გამოხმაურება არ ჰქონია, მაშინ რუსეთს ყველა ერიდებოდა. პირვანდელი სახით ტერიტორიის აღდგენას დიდი დრო უნდა და შეუძლებელია. ეს უდიდესი ზარალია, ამიტომაც არის დაცული საერთაშორისო სამართლით ასეთი საკითხები, ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებია“, - ამბობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი ირაკლი ღვალაძე euronewsgeorgia.com-თან საუბრისას.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კონფლიქტების დროს, შესაძლოა, ჰაერში დიდი რაოდენობით სათბურის აირები გაიფრქვეს. ეს აირები კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია.

„მწვანეთა მოძრაობა — დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, ომი დიდ პრობლემას უქმნის ცხოველებსაც.

„ფლორისა და ფაუნის საკითხიც არის, დღესაც შეიმჩნევა… როგორც უკრაინაში, საქართველოშიც შეიმჩნეოდა რა ცვლილებებს განიცდიდნენ გარეული ცხოველები, საით მიდიოდნენ და მიგრირებდნენ, ესეც პრობლემა იყო. ჩვენ ამას ვუყურებდით ჩეჩნეთის ომის დროს, როდესაც ჩეჩნეთში რუსეთი ომობდა, რა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ გადმოდიოდა, არამარტო ხალხი… კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება კაცობრიობამ მოიტანოს“, - ამბობს ის euronewsgeorgia.com-თან.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG