პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და ამავდროულად თბილისის მერი კახა კალაძე მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც გუშინ, 30 აპრილს, მომღერალ გია გაჩეჩილაძის ("უცნობის") ორგანიზებულ აქციაზე მივიდა. კალაძის კომენტარს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
"ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელოვანია, ვისთვისაც სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეკონომიკური განვითარება", - ამბობს კახა კალაძე.
გუშინ, 30 აპრილს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, აქცია გაიმართა - აქცია დაიგეგმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“. იდეა მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა. ამ გადაცემაში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს. გაჩეჩილაძე და მისი სტუმრები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.