თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ჰუსეინ ალ-ყურაში.
30 აპრილს საღამოს, თურქეთის რამდენიმე ტელეარხის ერთობლივ, პირდაპირ ეთერში ერდოანმა თქვა, რომ თურქეთის დაზვერვა ალ-ყურაშის დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, მისი ნეიტრალიზაციის ოპერაცია კი, 29 აპრილს ჩატარდა.
სააგენტო Reuters-ი სირიაში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოპერაცია ჩატარდა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჯანდარისში, რომელსაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები აკონტროლებენ.
აბუ ჰუსეინ ალ-ყურაში „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურად გამოცხადდა ექსტრემისტული დაჯგუფების წინა ლიდერის, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაშის სიკვდილის შემდეგ. 2022 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სირიაში„ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის ადგილსამყოფელს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა მიაკვლიეს და მან თავი აიფეთქა.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ 2017-2018 წლებში, ერაყსა და სირიაში "ისლამური სახელმწიფო" გაანადგურა, ექსტრემისტული დაჯგუფება თავდასხმებს პერიოდულად დღესაც აწყობს. სხვადასხვა მონაცემით, ამჟამად დაჯგუფებაში 6 000-დან 10 000-მდე წევრია.