სალომე ასათიანის პოდკასტი
„ესაა დღეები, როცა არავინ უნდა დაეყრდნოს საკუთარ ‘კომპეტენციას’ არასწორად. ძალა იმპროვიზაციაშია. და ყოველი გადამწყვეტი დარტყმა მარცხენა ხელით ხორციელდება“.
ეს სიტყვები ეკუთვნის ვალტერ ბენიამინს - მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ორიგინალურ და ენიგმატურ მოაზროვნეს, გერმანელ ებრაელ ავტორს, კრიტიკოსს და ფილოსოფოსს. კაცს, რომელმაც იდეების ისტორიას თავისი, აბსოლუტურად უნიკალური და იდუმალი მგრძნობელობა შემატა - მემარცხენე პერსპექტივების, მისტიციზმის და სიურრეალიზმის უცნაური, ზოგჯერ თითქოს ურთიერთგამომრიცხავი და მუდმივად ცვალებადი ნაზავი, რომელსაც, უფრო ზუსტი ტერმინების არქონის გამო, „მუქ“, ან „მელანქოლიურ“ მარქსიზმადაც მოიხსენიებენ ხოლმე; და რომლის მემკვიდრეობაც, ცხოვრებისეული გზაც და ტრაგიკული სიკვდილიც დრამატულად და ბევრისმთქმელად ებმის თანამედროვე ევროპის კულტურასა და ისტორიას.
1940 წელს, 26-დან 27 სექტემბრის ღამეს 48 წლის ბენიამინმა ესპანეთში, კატალონიის ქალაქ პორტბოუში მორფის აბების ფატალური დოზა მიიღო და თავი მოიკლა. მილიონობით ადამიანის მსგავსად, იმ მომენტში ბენიამინი ლტოლვილი იყო - ნაცისტურ ძალებს გაურბოდა ოკუპირებული პარიზიდან, და ესპანეთის გავლით შეერთებულ შტატებში უნდოდა ემიგრაცია. მაგრამ ესპანეთის საზღვარი იმ საბედისწერო დღეს ჩაიკეტა - ბენიამინს და სხვა გერმანელებს უთხრეს, რომ მათ უკან, საფრანგეთში დააბრუნებდნენ, სადაც მათ გესტაპოსთვის გადაცემა და საკონცენტრაციო ბანაკში ფაქტობრივად გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ. ბენიამინმა ამას თვითმკვლელობა არჩია. მეორე დღეს კი ესპანეთის საზღვარი ისევ გაიხსნა ლტოლვილებისთვის.
სიცოცხლეში ბენიამინს დიდი აღიარება არ ჰქონია, და უიღბლობაც და სიღარიბეც ხშირად სდევდა თან. გერმანიის საუნივერსიტეტო სისტემამ ბენიამინი არ მიიღო და ის, ძირითადად, ჟურნალისტისა და ლიტერატურის კრიტიკოსის კარიერით ირჩენდა თავს. მაგრამ დღეს კულტურის მკვლევრები თითქმის ერთხმად გვეტყვიან, რომ შესაძლოა სხვა არც ერთ მოაზროვნეს არ მოუხდენია იმ მასშტაბის გავლენა ხელოვნების - განსაკუთრებით ვიზუალური ხელოვნების - და, კიდევ უფრო ზოგადად, ევროპული მოდერნულობის თანამედროვე აღქმაზე, როგორიც მას. დღევანდელი ინტერნეტგამოცემები ვალტერ ბენიამინს უწოდებენ „სახელოვნებო სამყაროს ყველაზე საყვარელ თეორეტიკოსს“, კინოს თეორიის სტუდენტები - ერთ დროს ჩემი ჩათვლით - მთელ მსოფლიოში ისევ და ისევ უკირკიტებენ მის 1935 წლის ესეს, თუ უცნაურ მანიფესტს „ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში“ - რომელშიც ბენიამინი ბრეხტიანული სულისკვეთებით იკვლევს ახალი, მასობრივი კულტურის და უწინარესად კინემატოგრაფის პოტენციალს წარმოშვას რადიკალური პოლიტიკური მგრძნობელობა.
ურბანული სივრცეების, ქალაქების, არქიტექტურის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის შეუცვლელ, ლამის საკრალური მნიშვნელობის მქონე ტექსტად რჩება ბენიამინის მაგნუმ ოპუსი, „პასაჟების პროექტი“ – უზარმაზარი და ფრაგმენტული მედიტაცია მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის პარიზზე, რომლის რკინისა და მინის პასაჟებშიც სამომხმარებლო კაპიტალიზმი, ურბანული კონსუმერიზმი იბადება, თავისი ბზინვარებით, ფუფუნების საგნებით, თუ თრობის მომგვრელი სურნელებით; და თავისი მომნუსხველი, ილუზორული, ინტოქსიკაციის გამომწვევი ატმოსფეროთი, რომელშიც ადამიანები სიზმრისეულ მდგომარეობაში ვართ, საგნების და ნივთების ეფემერული ხიბლი გვატყვევებს და საკუთარ მდგომარეობაზე ფხიზელი რეფლექსია არ - თუ აღარ - შეგვიძლია.
ისტორიკოსები და ფილოსოფოსები კი თავს ვეღარასოდეს არიდებენ, თუმცა დღემდე ცხარედ კამათობენ ისტორიის აღქმის პროცესებში წარსულისა და აწმყოს იმ იდუმალ, მისტიკურ ურთიერთმიმართებაზე, რომელიც ვალტერ ბენიამინმა გამოკვეთა - რომ წარსული ადამიანებს გვესმის არა თავისთავად, ისეთად, როგორიც ის იყო, არამედ მხოლოდდამხოლოდ აწმყოს გადასახედიდან, აქ და ამჟამად არსებული ვითარების პერსპექტივაში. და - კიდევ უფრო ბენიამინისეულად - რომ წარსულის ესა თუ ის მომენტი თითქოს უკვე ელის, თავის თავში გულისხმობს აწმყოში იმ მომენტის დადგომას, რომელშიც ის ჩვენს წინაშე თავისი მანამდე დაფარული მნიშვნელობის გახსნას, გამოაშკარავებას შეძლებს.
ბენიამინის მემკვიდრეობა, რომელიც სრულად მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, განმაცვიფრებელია როგორც მოცულობით, ისე თემატური, ჟანრობრივი თუ ენობრივი მრავალფეროვნებით. ბენიამინი წერდა აკადემიურ ტრაქტატებს, ლიტერატურულ კრიტიკას, რადიოპიესებს, წერდა მაღალ მოდერნიზმზეც და პოპულარულ კულტურაზეც - საბავშვო ლიტერატურაზე, აზარტულ თამაშებზე, მოგზაურობაზე, პორნოგრაფიაზე, კინემატოგრაფზე. და წერდა არაორდინარული ოსტატობით, რის გამოც ბენიამინს - როგორც მწერალს - ბევრი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მწერლად მიიჩნევს. ხშირად შეგხვდებათ პარალელი ფრანც კაფკასთან - რომ ეს ორი მწერალი ერთმანეთს მოგვაგონებს არა მხოლოდ გამოხატვის კრიტალიზებული, მძლავრი ფორმით, არამედ - და უწინარესად - მათი უნარით მაქსიმალურად ეკონომიური, მინიმალური შესაძლებლობებით მუდმივად წარმოეშვათ მრავალფეროვანი, მრავალგანზომილებიანი, მრავალწახნაგოვანი მნიშვნელობები. ბენიამინის ნაწერების კითხვა ვირტუოზულ კინომონტაჟს მოგვაგონებს - ერთსა და იმავე ტექსტში მუდმივად ვხვდებით მოკლე აფორიზმებს, ვრცელ დისკურსულ სტრუქტურებს, მონაკვეთიდან მონაკვეთზე თავბრუდამხვევ, მოულოდნელ გადასვლებს, ახლო ხედებს და დისტანცირებულ პერსპექტივებს.
ინგლისურენოვან მკითხველთან ბენიამინის ნაშრომები ხშირად ორი სწავლულის თარგმანით და კომენტარებით აღწევს ხოლმე - ჰოუარდ აილანდისა და მაიკლ ჯენინგსის, რომლებიც ბენიამინს ათწლეულებია სწავლობენ. 2016 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტმა კრიტიკოსების აღფრთოვანების ფონზე გამოსცა მათ მიერ ერთობრივად დაწერილი მონუმენტური ბიოგრაფია „ვალტერ ბენიამინი: კრიტიკული ცხოვრება“, რომლის შესახებაც ამ ეპიზოდში ბევრს ვილაპარაკებთ. „ასათიანის კუთხეს“ ორივე ავტორი სტუმრობს - ჰოუარდ აილანდიც და მაიკლ ჯენინგსიც.
მართალია ფრაგმენტულად - ან, შესაძლოა, ბენიამინისეულად - თუმცა ეპიზოდში მიმოვიხილავთ მის მნიშვნელოვან ტექსტებს და მოსაზრებებს, მათ შორის პოლიტიკაზე, კინემატოგრაფზე, ენაზე, თარგმანზე, პარალელებზე, რომლებიც მოულოდნელად ჩნდება სხვადასხვა ეპოქების კულტურულ ფორმებს შორის; ჩვენი სტუმრები აგვიხსნიან ბენიამინის „პასაჟების პროექტის“ მნიშვნელობას არქიტექტურის და კულტურის ისტორიისთვის, იმ დრამატურგიას, რომელსაც ბენიამინის ნააზრევში ისტორიის ცნება გაივლის და იმ მძლავრ შთაგონებასაც, რომელსაც ბენიამინი შარლ ბოდლერის მგრძნობელობისგან იღებდა, ევროპული მოდერნულობის შესახებ საკუთარი კონცეფციების განვითარებისას.
ეპიზოდის ფინალური მონაკვეთი კი დაეთმობა ვალტერ ბენიამინის ალბათ ყველაზე იდუმალ და მნიშვნელოვან ტექსტს, სათაურით „ისტორიის ცნების შესახებ“, რომელსაც მის დამზაფვრელ ანდერძადაც მიიჩნევენ. ჩვენს სტუმრებთან ერთად შევეცდებით მოვიხელთოთ მარქსიზმის და სეკულარული მესიანიზმის ის უცნაური ნაზავი, რომლითაც ბენიამინი აქ ისტორიის ტრადიციულ ფორმებს, თუ „პროგრესის“ იდეას აკრიტიკებს; და ისიც, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს პაულ კლეეს ნახატიდან ამ ტექსტის ხატად გადაქცეული „ისტორიის ანგელოზი“ – უცნაური ქმნილება, რომელიც უმწეოდ მისჩერებია წარსულის კატასტროფით დახვავებულ ნანგრევებს, მაგრამ მათ გამთელებას ვერ ახერხებს, რადგან პროგრესის სახელით ამოვარდნილი ქარბუქი მას მომავლისკენ მიაქანებს.