მსოფლიოში სახელმოხვეჭილმა კულტურის 128 მოღვაწემ სთხოვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, გათავისუფლება და მისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა. ტექსტი რუსულ ენაზე გამოქვეყნდა „მედუზაში“.
ხელმომწერებს შორის არიან მოცეკვავე მიხაილ ბარიშნიკოვი, მწერალი ჯ. კ. როულინგი, ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში ორჰან ფამუქი, ჰერტა მიულერი, ოლგა ტოკარჩუკი, სვეტლანა ალექსიევიჩი, მარიო ვარგას ლიოსა და ჯონ კუტზეე, მხატვარი არტ შპიგელმანი, დრამატურგი ტომ სტოპარდი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი ერიკ კანტონა, რეჟისორი ჯ. ჯ. აბრამსი, ანგლიკანური ეკლესიის ყოფილი სულიერი წინამძღვარი როუან უილიამსი, ჟურნალისტი ენ ეპლბაუმი.
„ნავალნი პატიმრობას იხდის იმ ბრალდებებით, რომლებსაც არასოდეს მიიღებდა არცერთი დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლო“, - ნათქვამია მიმართვის ტექსტში. „ჩვენ მხარს ვუჭერთ გერმანიის მთავრობის, აშშ-ისა და ევროკავშირის ხელისუფლების მოწოდებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. ეს თქვენს ხელთაა“.
ტექსტში აღნიშნულია, რომ ხელმომწერები უერთდებიან 600 რუსი ექიმის, 100 რუსი ადვოკატისა და 100 რეგიონული დეპუტატის მოთხოვნას, შეწყდეს ოპოზიციონერის წამება. აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსს ისევ და ისევ აგზავნიან სადამსჯელო საკანში - ტექსტში მას უწოდეს "სამარტოო საკანი, ძაღლების ხუხულას ზომის ბეტონის კუბი".
ნავალნი დააკავეს, კოლონიაში გაგზავნეს 2021 წლის დასაწყისში, გერმანიაში მკურნალობისა და რეაბილიტაციიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ. ის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე იყო ნასამართლევი და ახლა მზადდება სასამართლო პროცესი, რომელშიც მას ექსტრემიზმში დაადანაშაულებენ. გამომძიებელმა ის გააფრთხილა, რომ მას გაასამართლებენ ტერორისტული დაჯგუფების ორგანიზებისთვის.
ოპოზიციონერის თანამოაზრეები, მრავალი უფლებადამცველი და პოლიტიკური ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ მას ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო ასამართლებენ. კრემლი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეებში არ ერევა.