Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიშკეკის სასამართლომ აკრძალა რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის - „აზატიკ მედიას“ - საქმიანობა


ბიშკეკის სასამართლოს შენობა, სადაც რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს
ბიშკეკის სასამართლოს შენობა, სადაც რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს

ბიშკეკის ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა კულტურის, ინფორმაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის სამინისტროს მოთხოვნა, შეწყვიტოს „აზატიკ მედიის“, როგორც მასმედიის საქმიანობა. საუბარია რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურზე. გამოცემის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

კულტურის სამინისტრომ სასამართლოს მიმართა ამა წლის 23 იანვარს. უწყება ამბობს, რომ ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე მომხდარი კონფლიქტის შესახებ მომზადებული ვიდეომასალა არ არის აღებული და ვრცელდება სოციალურ ქსელებში. საუბარია პროგრამა „ნასტოიაშჩეე ვრემია.აზიის“ გამოშვებაზე, რომელიც ეთერში გავიდა 2022 წელის სექტემბერში სათაურით: „მძიმე ბრძოლები ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე“. („ნასტოიაშჩეე ვრემია“ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისა და რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ მონაწილეობით შექმნილი ტელეარხია.) პროგრამა ბატკენის ოლქში მომხდარი მოვლენების გაშუქების დროს, ყირგიზეთის კულტურის სამინისტროს მტკიცებით, შეიცავდა „დაუდასტურებელ ინფორმაციას თითქოსდა ყირგიზეთის მხარის ტაჯიკეთზე თავდასხმის შესახებ, ძაბავდა სიტუაციას საზოგადოებაში და იწვევდა სიძულვილს, დისკრიმინაციას და განხეთქილებას მოქალაქეთა შორის.“

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ხელმძღვანელობა ამ ნაბიჯს განიხილავდა როგორც თავისუფალი მედიის დევნას, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას ყირგიზეთში. "რთე/რთ-ი სერიოზულად ეკიდება ვალდებულებებს, უზრუნველყოს მოვლენების დაბალანსებული გაშუქება. ჩვენ შევისწავლეთ ამ მასალის შინაარსი და ვერ აღმოვაჩინეთ ჩვენი სტანდარტების დარღვევა. ჩვენ არ დავემორჩილებით ზეწოლას, რომ ჩვენი ვებგვერდებიდან ამოიღონ დაბალანსებული მასალები, იქნება ეს ზეწოლა კრემლიდან თუ ყირგიზეთის მთავრობიდან", - განაცხადა მედია კორპორაციის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ.

24 ოქტომბერს Azattyk Media-მ მიიღო წერილი ყირგიზეთის კულტურის სამინისტროსგან, რომელშიც იგი 24 საათის განმავლობაში ითხოვდა იუტუბის არხიდან „ნასტოიაშჩეე ვრემია. აზიის“ ხსენებული გადაცემის ამოღებას. ორი დღის შემდეგ სააგენტომ გადაწყვიტა Azattyk Media-ს საიტების დაბლოკვა. 31 ოქტომბერს „დემირ ბანკმა“ სიტყვიერი გაფრთხილების ან ახსნა-განმარტების გარეშე აცნობა ჩვენს რადიოს, რომ Azattyk Media-ს ანგარიშები დაბლოკილი იყო.

Azattyk Media-მ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილების წინააღმდეგ ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა და მოითხოვა ბლოკირების შეჩერება საჩივრის განხილვამდე. თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
„აზატიკი“ არის დამოუკიდებელი მედიაკორპორაცია, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მიერ ოფიციალურად დარეგისტრირებული ყირგიზული სამსახური. ის ყირგიზეთში ოფიციალურად საქმიანობს, როგორც „აზატიკ მედიის" ინსტიტუტი და ობიექტურად აშუქებს ყირგიზეთსა და მსოფლიოში მომხდარ ამბებს, საზოგადოებრივ ცხოვრებას და დემოკრატიულ პროცესს.

რიგმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოუწოდეს ყირგიზეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღადგინოს წვდომა საბანკო ანგარიშზე და რადიო „აზატიკის“ ვებსაიტებზე.

XS
SM
MD
LG