Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ძაღლის მოკვლისთვის სასამართლომ კაცი 3 ათასი ლარით დააჯარიმა


ცხოველთა უფლებადამცველთა აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
ცხოველთა უფლებადამცველთა აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კეშელავა მიუსაფარი ძაღლის მოკვლისთვის 3 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ თქვა, გაითვალისწინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ადვოკატმა სასამართლოს აცნობა, რომ მას ინფარქტი განუვითარდა.

სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში
სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში

მოსამართლის გადაწყვეტილებამ დარბაზში მყოფი ცხოველთა უფლებადამცველები აღაშფოთა.

„ეს ნიშნავს, რომ 3000 ლარად ყველას შეუძლია ქუჩაში მოკლას ძაღლი?!“ - ისმოდა კითხვა სხდომათა დარბაზში.

სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში
სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში

კაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. ამ მუხლით ცხოველის წამება ან სასტიკი მოპყრობა სასჯელად ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, 2023 წლის 22 იანვარს, დღისით, ირაკლი კეშელავამ ბათუმის ცენტრალურ პარკთან მანქანიდან ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ ესროლა, რამაც ცხოველი ადგილზე მოკლა.

"ორი პატარა ბავშვი შეესწრო გასროლას. უკრაინელების აქციაც იყო იქვე და ეს ადამიანი საფრთხეს უქმნიდა ყველას. ამ კაცმა ორჯერ გადატენა იარაღი და ხალხმრავალ ადგილას დამიზნებით ესროლა ჩვენს ცუგას და უმოწყალოდ მოკლა. ეს სასჯელი უსამართლო გადაწყვეტილებაა", - თქვა ნონა ჯიქიამ, რომელსაც ძაღლი ჰყავდა მიკედლებული.

თვითმხილველების ვერსიით, დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიება იყო, რადგან ამ ძაღლმა მის ძაღლს უკბინა.

"განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები და იმ ძაღლსაც იმიტომ უკბინა, რომ ბავშვი მისი თავდასხმისგან დაეცვა", - აღნიშნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა თამრიკო ბოჭორიშვილმა.

გადაწყვეტილების გამოცხადების დროს სასამართლოს შენობასთან მიმდინარეობდა აქცია, ცხოველთა უფლებადამცველები კანონის გამკაცრებას მოითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG