Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

A კატეგორიის, 10 წელზე ნაკლები ასაკის ტაქსი ავტობუსის ზოლშიც იმოძრავებს


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, A კატეგორიის ტაქსებს საშუალება ექნებათ, საავტობუსო ზოლში იმოძრაონ, ჩაისვან და აიყვანონ მგზავრები, თუ ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს.

„A კატეგორიის ტაქსებს, თუ ავტომანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1 ივნისიდან საავტობუსე ზოლებში მოძრაობის საშუალება ეძლევათ“, - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, ამ კატეგორიის ტაქსებს 1 მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში შესაბამისი ამოსაცნობი სტიკერები დაურიგდებათ.

„სტიკერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში და ეს სტიკერი განთავსდება ავტომობილის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, A კატეგორიის ტაქსის მოძრაობა საავტობუსო ზოლში დაშვებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ მონაკვეთებში, სადაც ავტობუსი მოძრაობს ავტოსაგზაო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით და არა საწინააღმდეგო მიმართულებით, მაგალითად, როგორც ეს ვაკეში და გლდანის გარკვეულ მონაკვეთებზეა.

თბილისში ტაქსით მომსახურების გასაწევად აუცილებელია შესაბამისი ლიცენზიის ქონა. A კატეგორიის ტაქსი აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს, მას შეუძლია მგზავრის ნებისმიერ ადგილზე აყვანა, B კატეგორიის ტაქსიზე მანქანის ფერი შეზღუდული არ არის, თუმცა მხოლოდ გამოძახების სერვისით მუშაობა შეუძლია.

XS
SM
MD
LG