Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს


აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან
აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან

​თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს. ინგოროყვას ქუჩაზე რამდენიმე ათეული პოლიციელი იმყოფება.

მშობლები შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის დაფინანსებას რამდენიმე თვეა ითხოვენ, ამ მოთხოვნით ბოლო რამდენიმე დღეა ისინი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რჩებიან. გზის გადაკეტვით ისინი მთავრობის სხდომის გამართვამდე ცდილობდნენ მთავრობის წარმომადგენლების ყურადღების მიქცევას.

პოლიციასთან წინააღმდეგობისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

"ყველა ნაზად მეპყრობოდა, იცი, რა მაგრად ჩამარტყა [ერთ-ერთმა პოლიციელმა] ზურგში... ამიხსენი, დაურეკე უფროსს და ჰკითხე, რატომ არ შეიძლება ჩემთვის გზის გადაკეტვა", - ეუბნებოდა აქციაზე მყოფი კიდევ ერთი მშობელი პოლიციელს, რომელიც მას გამოელაპარაკა.

წელიწადზე მეტია, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები პრეპარატ "ვოსორიტიდის" შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. მშობლების ნაწილი ბოლო რამდენიმე დღეა ღამეებს მთავრობის კანცელარიასთან ათენებს. აქცია გაიმართა გუშინ, 23 აპრილსაც.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს წამალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის და მის მიღებას მხოლოდ 14-16 წლის ასაკამდე აქვს შედეგი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, "ვოსორიტიდის" საქართველოში შემოტანის პროცედურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის, თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება ამ მედიკამენტით პაციენტების უზრუნველყოფა.

XS
SM
MD
LG