Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრობენ საქართველოში ბავშვები კეთილდღეობაში? - გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი გამოკვლევა


„გაეროს ბავშვთა ფონდის“ გამოკვლევაში 1279 რესპონდენტი მონაწილეობდა. ინფორმაცია შეგროვდა 2438 ბავშვზე. საილუსტრაციო ფოტო.
„გაეროს ბავშვთა ფონდის“ გამოკვლევაში 1279 რესპონდენტი მონაწილეობდა. ინფორმაცია შეგროვდა 2438 ბავშვზე. საილუსტრაციო ფოტო.

"საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს", - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით "საქსტატის" მიერ ჩატარებული ახალი გამოკვლევა საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ. იკვლიეს ბავშვთა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ დახმარებაზე; სკოლებში კვება, ბავშვების მატერიალური და სოციალური დანაკლისები, აღზრდის მეთოდები, ბავშვთა ფუნქციური სირთულეები.

განათლების ხელმისაწვდომობა

ამ გამოკვლევის ჩატარების წინა სასწავლო წელს (2021-2022), სკოლამდელი ასაკის ბავშვების 72.3% დადიოდა საბავშვო ბაღში, ბავშვების 21.6% არ დადიოდა სკოლამდელი განათლების სასწავლებელში ოჯახის არჩევანის გამო, ხოლო 6.2% ვერ დადიოდა სხვადასხვა ხელისშემშლელი პირობის მიზეზით.

ამ კვლევით, დღეს, ბავშვების 68.5% დადის საჯარო ბაღში. 3.8% - კერძო ბაღში. 6.2%-ს ხელი არ მიუწვდება. 21.6% კი არ დადის საკუთარი არჩევანით.

სკოლამდელი განათლების მიღებას ხელს უშლის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

  • საცხოვრებლის სიახლოვეს/ სოფელში არ არის საბავშვო ბაღი - 44%;
  • მოსაცდელ სიაში ჩასმა ადგილების სიმცირის გამო - 17.50%;
  • ბავშვს არ აქვს შესაფერისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 4 %

და ა.შ.

ბავშვების 93.6%-ის მშობლები/ოჯახის წევრები, ბავშვის საბავშვო ბაღის მომსახურების ხარისხით კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილი არიან.

რაც შეეხება სკოლას:

სასკოლო ასაკის ბავშვების (6-17 წლის) 98.4% დადიოდა სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში და/ან პროფესიულ სასწავლებელში, მათ შორის აბსოლუტური უმრავლესობა, 97.5% - სკოლაში, გიმნაზიაში ან ლიცეუმში.

ბავშვების მხოლოდ 0.04 პროცენტი სწავლობდა პროფესიულ სასწავლებელში.

ხოლო ბავშვების 1.6 პროცენტი არ დადიოდა არცერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლების/ოჯახის წევრების 79.7% კმაყოფილია ან ძალიან კმაყოფილი მათი შვილების მიერ სკოლაში მიღებული განათლებით.

6-17 წლის ასაკის ბავშვების 18.8% ჰყავს კერძო მასწავლებელი.

ბავშვების ზუსტად იგივე რაოდენობა, მიუხედავად სურვილისა, ვერ ახერხებს ამას.

6-17 წლის ბავშვების მხოლოდ 12.2% ახერხებს იაროს მუსიკაზე, ცეკვასა და ხატვაზე. ამგვარ კლასებში მონაწილეობის სურვილი აქვს თითქმის ორჯერ მეტ ბავშვს (23.9%), მაგრამ არ აქვს ამის საშუალება.

6-17 წლის ბავშვების მხოლოდ 13.8%-ია ჩართული სპორტის კლასგარეშე აქტივობებში.

ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია სოფლად მცხოვრები ბავშვების (7.5%), გოგოების (5.5%) და მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების (6%) შემთხვევაში.

კვება სკოლაში

სასკოლო კვება საქართველოში ისევ პრობლემაა.

სკოლაში ყოფნის დროს ყოველდღიურად იკვებება ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%). ბავშვების 35% სკოლაში ყოფნისას არასდროს ჭამს.

მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების 45% სკოლაში არ იკვებება.

ამას ქალაქსა და სოფელში განსხვავებული მიზეზები აქვს.

სოფლის სკოლაში ან მის ახლოს საკვების შეძენა შეუძლებელია (48%).

გამოკითხულთა 16% კი ამის მიზეზად უფულობას ასახელებდა.

კითხვაზე, უნდა უზრუნველყოფდეს თუ არა სკოლა ბავშვს საკვებით, სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლების/ოჯახის წევრების 83.2% პასუხობს, რომ კი.

გამოკითხულების 74.2%, მათ შორის მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების მშობლებიც, მზად არიან გადაიხადონ თანხა სასკოლო კვების პროგრამებში, თუკი ეს თანხა მათთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ბავშვთა მატერიალური და სოციალური დანაკლისი

ეს არის საჭიროებების ჩამონათვალი, რაც ბავშვს უნდა ჰქონდეს.

  • რამდენიმე ახალი (არა მეორადი) ტანსაცმელი;
  • ორი წყვილი ფეხსაცმელი, რომელიც კარგად ერგება;
  • ნედლი ხილი და ბოსტნეული ყოველდღიურად;
  • ხორცი, ქათამი, თევზი ან მათი ვეგეტარიანული ეკვივალენტი ყოველდღიურად;
  • ბავშვის ასაკის შესაფერისი წიგნები სახლში (სასკოლო წიგნების გამოკლებით);
  • გასართობი მოწყობილობები ღია ცის ქვეშ;
  • ოთახის თამაშები;
  • გართობა/დასვენების რეგულარული აქტივობები;
  • განსაკუთრებული შემთხვევების აღნიშვნა;
  • დროდადრო მეგობრების დაპატიჟება სათამაშოდ ან საჭმელად;
  • მონაწილეობა სასკოლო ექსკურსიებსა და სასკოლო ღონისძიებებში, რაც ჯდება თანხა;
  • არდადეგები სახლიდან მოშორებით;
  • დავალიანებები (ქირა, იპოთეკა, კომუნალური გადასახადები და სხვ.);
  • ადეკვატურად თბილი სახლი;
  • კერძო მოხმარებისთვის ავტომობილის ხელმისაწვდომობა;
  • ინტერნეტის ხელმისაწვდომობა.

ამ ჩამონათვალიდან, საქართველოში ბავშვების 37.8%-ისთვის ოჯახები ვერ უზრუნველყოფენ სამ ან მეტ საჭიროებას.

ბავშვების 62.2%-ს არ აქვს ასეთი მატერიალური და სოციალური დანაკლისი.

კვლევის თანახმად, სოფელში მცხოვრებ ბავშვებს უფრო მეტი რამ აკლიათ (47.1%), ვიდრე ქალაქელებს (31.2%).

ბავშვის აღზრდა - შემცირებული ძალადობრივი მეთოდები

აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენება წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია, - ამბობს Unicef-ის კვლევა.

1-17 წლის ბავშვების 62.5 პროცენტში აღზრდის მეთოდად მხოლოდ არაძალადობრივი ფორმები იყო გამოყენებული.

ბავშვების 29.4 პროცენტის შემთხვევაში, გამოიკვეთა ფსიქოლოგიური აგრესია.

4.8 პროცენტის შემთხვევაში კი - ფიზიკური დასჯა (0.1 პროცენტ შემთხვევაში ეს იყო სასტიკი ფიზიკური დასჯა).

გოგოებთან შედარებით, ბიჭები უფრო მეტად ექვემდებარებიან აღზრდის ძალადობრივ მეთოდებს.

აღზრდის ძალადობრივ მეთოდებს უფრო ხშირად იყენებენ ქალაქელი ბავშვების მიმართ.

შშმ ბავშვები და სტიგმა

ბავშვი, რომელსაც აქვს გამოხატული ფუნქციური შეზღუდვა რაიმე ერთ სფეროში მაინც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ მიიჩნევა.

საქართველოში 2-4 წლის ასაკის ბავშვებში მინიმუმ ერთი კატეგორიის ფუნქციური სირთულე აქვს ბავშვების 2.5 %-ს.

5-17 წლის ასაკის ბავშვებში - 6.5 %-ს.

ამაში შედის:

  • ქცევის კონტროლი
  • შფოთვა
  • სწავლა
  • ცვლილების მიღება
  • მეგობრების გაჩენა
  • კონცენტრაცია
  • კომუნიკაცია
  • მეხსიერება
  • სიარული
  • დეპრესია
  • სმენა
  • თავის მოვლა

რესპონდენტების 26.1% ფიქრობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე სტიგმა ვრცელდება.

ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვების მშობლები ამ მოსაზრებას მეტად იზიარებენ (32.3%), ვიდრე სხვა მშობლები (25.6%).

უფრო დეტალურად გამოკვლევის შედეგების ნახვა შეგიძლიათ ამ მისამართზე.

კვლევის შედეგებმა გამოკვეთა, თუ რა უთანასწორობა არსებობს ბავშვების სხვადასხვა ჯგუფს შორის, თუმცა ყველაზე კრიტიკული ფაქტორი ის მატერიალური და სოციალური დანაკლისია, რომელიც ამ ბავშვებს აქვთ.

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობაც, თუმცა მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარი (47%) ჯერ ისევ არ იღებს დახმარებებს პროგრამიდან, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ მათი ოჯახები არ აკმაყოფილებენ ბავშვის მიზნობრივი დახმარების პროგრამის კრიტერიუმებს.

„გაეროს ბავშვთა ფონდის“ ამ გამოკვლევის შედეგები 1279 რესპონდენტის გამოკითხვას ეყრდნობა. ინფორმაცია შეგროვდა მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2438 ბავშვზე.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG