რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე და საბოლოო წაკითხვით მიიღო კანონპროექტი სახელმწიფო ღალატისთვის სამუდამო პატიმრობის შესახებ. ამჟამად სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და 500 ათას რუბლ ჯარიმას. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამ მუხლით გამოტანილი განაჩენების რაოდენობა გაიზარდა.
დოკუმენტი ასევე აძლიერებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დივერსიისა და ტერორიზმის მუხლებისთვის და სასჯელს აწესებს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა აღსრულებაში დახმარებისთვის, რომლების წევრიც არ არის რუსეთი. ფორმულირებებიდან ჩანს, რომ ასეთ ორგანიზაციად შეიძლება იქნეს აღიარებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
დეპუტატები გამოვიდნენ წინადადებით, ტერაქტების ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა ამჟამად მოქმედი 15 წლიდან 20 წლამდე გაიზარდოს. ასევე მკაცრდება სასჯელი ტერორისტულ გაერთიანებაში მონაწილეობისთვის.
მკაცრდება სისხლის სამართლის სასჯელი დივერსიის მუხლით. ახალი კანონით, სატრანსპორტო სტრუქტურებისა და მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების დაზიანებისკენ მიმართული მოქმედებებისთვის სასჯელი 20 წლამდეა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაიზარდა დივერსიის მუხლით ბრალდებების რაოდენობა. ადრე ასეთი საქმეები ხულიგნობად ან ქონების განადგურებად კვალიფიცირდებოდა.
OVD-Info-ს ცნობით, 2022 წელს რუსეთის სასამართლოებმა 11 განაჩენი გამოიტანს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. ზოგი მათგანი დაკავშირებულია უკრაინის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებებთან.