Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვაზე ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს


ჯეკ ტეიშეირა
ჯეკ ტეიშეირა

ჯეკ ტეიშეირას, რომელიც პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებაშია ეჭვმიტანილი, ბრალი ედებოდა ამ საიდუმლო მასალების უკანონო კოპირებასა და სხვისთვის გადაცემაში. ამ ეტაპზე მას ბრალი წარუდგინეს ერთი დოკუმენტის (რომელიც უკრაინაში ომის სტატუსს აღწერს და დეტალებს შეიცავს ჯარების გადაადგილების შესახებ) გავრცელებაზე, თუმცა, შესაძლოა, მათი რაოდენობა ასზე მეტიც იყოს.

მასაჩუსეტსის შტატის სასამართლომ აშშ-ის საჰაერო ეროვნული გვარდიის 21 წლის ჯარისკაცს ბრალი წაუყენა ჯაშუშობის აქტის ორი პუნქტით. ესენია - საიდუმლო თავდაცვითი მასალების უკანონო კოპირება და გადაცემა და თავდაცვის მასალების უკანონო გადატანას არასანქცირებულ ადგილას.

ექსპერტების განცხადებით, გამომძიებლები თითოეულ გამოქვეყნებულ დოკუმენტს ცალ-ცალკე შეისწავლიან. ჯაშუშობის შესახებ კანონის ერთჯერადი დარღვევა ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

21 წლის ჯერ ტეიშეირა, რომელიც ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის ძალების დაზვერვის განყოფილების IT-სპეციალისტად მუშაობდა, გამოძიების ფედერალური ბიურომ მასაჩუსეტში, ქალაქ დაიტონში, საკუთარ სახლში ხუთშაბათს, 13 აპრილს დააკავა.

მანამდე The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი საიდუმლო მონაცემებს Discord-ის მესენჯერში 20-30 ადამიანს უზიარებდა.

FBI-ს აგენტმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ტეიშეირას საიდუმლო მასალაზე წვდომა ჰქონდა 2021 წლიდან.

ექსპერტები კი ამბობენ, რომ ისევ უპასუხოა კითხვა, თუ რატომ ჰქონდა ახალგაზრდა ჯარისკაცს ასეთი მაღალი დონის დოკუმენტებზე წვდომა და ამ კითხვას აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა უპასუხოს.

ინფორმაციის ეს გაჟონვა მიიჩნევა ყველაზე სერიოზულად მას შემდეგ, რაც 2010 წელს „ვიკილიქსის“ ვებსაიტზე 700 000-ზე მეტი დოკუმენტი, ვიდეო და დიპლომატიური დოკუმენტი გამოჩნდა. მაშინ ამ ფაქტს პენტაგონმა "განზრახ დანაშაულებრივი ქმედება" უწოდა.

XS
SM
MD
LG