Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემი სამართალი


ავტორი: ლია აბულაძე

„მე ვაფასებ საზოგადოებრივ აზრს, უფრო მეტად ვაფასებ ჩვენს ნორვეგიულ სამართალს, მაგრამ არა მეტად, ვიდრე ჩემს საკუთარ, გაცნობიერებულ აზრს იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა არის ჭეშმარიტი და რა არის ყალბი. საკმარისად ხანდაზმული ვარ იმისათვის, რომ მქონდეს სამართლისა და სამართლიანობის საკუთარი შეგრძნება“ – წერს ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი თავის უკანასკნელ რომანში „გადახლართულ ბილიკებზე“, რომელიც მან 90 წლის ასაკში დაწერა.

ხანდაზმულობით დიდად არ ჩამოვუვარდები ნორვეგიელ მწერალს და ვთვლი, რომ მეც მაქვს უფლება მქონდეს სამართლისა და სამართლიანობის საკუთარი განცდა, რომელსაც ჩემი ქვეყნის სამართალზე მაღლა ვაყენებ. მე ვთვლი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სავსებით სამართლიანად იმსახურებს შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლის საქმეში. რაც უნდა ილაპარაკონ ამის შესახებ გონებრივად და ზნეობრივად მანკიერმა ადამიანებმა, რაც უნდა აქციები მართონ, ნორვეგიის ელჩი დაიბარონ და აპროტესტონ ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დამცველი საზოგადოების ეს გადაწყვეტილება, ყურადღების ღირსად არ მიმაჩნია მათი სამარცხვინო ფაფხური. ზოგადად სამართლისთვის დამამცირებელი მგონია დავიწყო აქ საუბარი იმ დანაშაულებებზე, რაც თავად მეოცნებეებს აქვთ ჩადენილი, მათი სააკაშვილთან შედარების მიზნით, რადგან შედარებისთვის ხომ რაიმე საერთო საფუძვლის არსებობაა საჭირო, რაც ავტომატურად გულისხმობს ორი სრულიად განსხვავებული ფენომენის ერთ სიბრტყეზე დაყენებას, ანუ ღირსეულის დამდაბლებას, ან უღირსის ამაღლებას. ამიტომ არ ვილაპარაკებ იმაზე, რომ სააკაშვილის მაგინებლები თავად არღვევენ ადამიანის უფლებებს, ფეხქვეშ თელავენ დემოკრატიულ ღირებულებებს... უბრალოდ გავიხსენებ იმ საქმეებს, რომლებიც წარმოაჩენენ ჭეშმარიტ სააკაშვილს, რადგან ყველა ადამიანი ბოლოს და ბოლოს მისი გაკეთებული საქმეებით ფასდება: „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს“.

გავიხსენებ მხოლოდ ერთ უმარტივეს ყოფით შემთხვევას:

2009 წელს, გერმანიიდან თბილისში დროებით ჩამოსული, რაღაც ცნობისათვის ერთერთ დაწესებულებაში მივედი. ასაჯარო მოხელესთან ჩემი საუბრის დროს ოთახში კარი ვიღაც მამაკაცმა შემოაღო და სიტყვებით „როგორ ხარ, ძმაო“, მისკენ წამოვიდა, ჩემმა მოსაუბრემ შეაჩერა და უთხრა: “ჯერ ამ ქალბატონთან მაქვს საქმეო”. გავოგნდი, იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, ძველი საბჭოთა მოქალაქისათვის, მოხელის ამგვარი საქციელი. არ მახსოვს, რომ ადრე ისე წამოვსულიყავი სახელმწიფო დაწესებულებიდან, სახლმმართველობა იქნებოდა ეს თუ ენათმეცნიერების ინსტიტუტის კანცელარია, რომ დამცირებულად არ მეგრძნო თავი. მიხვიდოდი, მაგალითად, სახლმმართველობაში რაიმე ცნობის ასაღებად, არავინ გაქცევდა ყურადღებას, უხერხულად იღიმებოდი, უხერხულად აწვდიდი მოხელეს ჯიბიდან ამოღებულ დაჭმუჭნულ ფულს, რომელსაც ის მოუთმენლად გტაცებდა ხელიდან და შენ, თან დამცირებული (იმ მოხელის მაგივრად, რომელსაც ქრთამის მიცემა აკადრე) და თან კმაყოფილი, რადგან საკუთარ თავს სძლიე, იღებდი საჭირო ცნობას და ტოვებდი დაწესებულებას. Aასე იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის საბუღალტროშიც. ხელფასების დარიგებისას მოლარე გითვლიდა შენს კუთვნილ ფულს, ამატებდა მას ხურდას, შენ აწერდი ფურცელზე ხელს, მერე იღებდი ქაღალდის ფულს და უხერხულად აცურებდი ხურდას მოლარისკენ, მადლობას იხდიდი და დამცირებული, თუმცა ხელფასის აღებით მაინც კმაყოფილი, გამოდიოდი საბუღალტროდან. არ ვიცი, სხვები რას გრძნობდნენ ასეთ დროს, მე კი ყოველ ჯერზე ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ჩემი ხელფასისთვის ვიღაცის მადლობელი უნდა ვყოფილიყავი.

2009 წელს ჩემს ქვეყანაში პირველად ვიგრძენი თავი ადამიანად, როგორც ამას გერმანიაში ვგრძნობ ხოლმე, სულერთია სად, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში.

როდესაც ჩემი აღფრთოვანება მეგობრებს გავუზიარე, აგდებულად მითხრეს, ალბათ მოხელე იძულებული იყო ასე მოქცეულიყო, რადგან ადგილის დაკარგვის Eეშინიაო. მაგრამ მე ვერ გავიგე და ახლაც არ მესმის, რა არის ამგვარ შიშში და ამგვარ იძულებაში ცუდი.

ყველა მოსამსახურემ, სახელმწიფომ თუ კერძომ, უნდა იცოდეს მოქცევის წესები და ემორჩილებოდეს მათ. ეს არც ქართველი კაცისათვისაა ძნელი, ამას ვხედავ იმ ქართველების მაგალითზე, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ და მუშაობენ. თუ იქ შეუძლიათ წესიერები და კანონმორჩილები იყვნენ, რატომ ვერ უნდა შეძლონ ეს საკუთარ ქვეყანაში? მაშინ ეს სახელმწიფოს ბრალი ყოფილა და არა მათი.

ახლა ვფიქრობ, რომ თუ ხარ ამ ქვეყნის ჩვვეულებრივი პატიოსანი და კანონმორჩილი მოქალაქე, არ ხარ ცნობადი სახე და ცხოვრობ სინდისიერად, გიცხოვრია საბჭოთა ხანაში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ეპოქაში, მერე ცხრა წლის განმავლობაში და ცხოვრობ ახლაც, მაშინ უნდა დამეთანხმო, რომ საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ თავი მხოლოდ სააკაშვილის დროს გიგრძვნია. Aმაგალითების ჩამოთვლას არ გავაგრძელებ,Mმხოლოდ ვიტყვი, რომ თუ დღეს ვინმეს სამართლიანობაზე აქვს პრეტენზია, უნდა აღიაროს ის წარმატებები, რასაც ცხრა წლის განმავლობაში მიაღწია ქვეყანამ, აღიაროს ყველაფერი დადებითი, რაც საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის გაკეთდა, და მერე დაიწყოს საუბარი იმ შეცდომებზე, რასაც ნებსით თუ უნებლიედ ჰქონდა ადგილი, ოღონდ აუცილებლად მხედველობაში უნდა მიიღოს ის, რომ რეფორმების გატარება დემოკრატიული მართვის პირობებში ძნელია, რადგან როცა ქვეყანა უცხო ქვეყნის ჯაშუშებითაა სავსე, თუ ძალადობას არ მიმართე, არაფერი გამოგივა. ამასთანავე უნდა ისიც გაითვალისწინოს, რომ ყველა დანაშაულის ერთი პირისთვის დაბრალება, რაც განუვითარებელი დემოკრატიის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, არ არის მართებული.

მე ვურჩევდი ოპოზიციონერებს, რომლებიც თავს იმით იწონებენ, რომ წინა ხელისუფლების დროსაც, ანუ იმ ყბადაღებული, რუსული ოცნების პროპაგანდით თავსმოხვეული “სისხლიანი 9 წლის” მანძილზეც, ოპოზიციაში იყვნენ, ობიექტურად შეაფასონ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების დროს განხორციელებული საქმეები. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი მაინც გააგრძელებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და მისი თანამებრძოლების დაგმობასა და განქიქებას, ჩვენ დავბრუნდებით იმ საძულველ წარსულში, რომელიც მხოლოდ საქართველოს მტრებისთვის არის საოცნებო.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG