Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიელი დეპუტატები საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საქმეს სწავლობენ


საქართველოში ექსპორტისთვის გამზადებული ბაობაბის ამოთხრილი ხე. 20 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოში ექსპორტისთვის გამზადებული ბაობაბის ამოთხრილი ხე. 20 ნოემბერი, 2022 წელი

კენიის პარლამენტის დეპუტატებმა ბაობაბის ხეების საქართველოში ექსპორტის საქმის შესწავლა დაიწყეს.

როგორც კენიის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, გარემოს დაცვის, სატყეო და მადნის კომიტეტის ეროვნული ასამბლეის წევრებმა კენიაში, ტეზოს თემში, სადაც გასულ წელს ბაობაბის ხეები ამოთხარეს, ფაქტების შემსწავლელი ტური მოაწყვეს.

ბაობაბების საქართველოში ექსპორტის შეთანხმების საკითხის შესწავლის მიზნით, კომიტეტის წევრებმა დაიბარეს გარემოს მართვის ეროვნული სააგენტოს, კენიის მცენარეთა ინსპექტირების სამსახურისა და კენიის სატყეო სამსახურის ოფიციალური პირები. დეპუტატებმა უწყებებთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყეს, რათა გამოარკვიონ მათი როლი ხეების გაყიდვის საქმეში.

თავის მხრივ, უწყებები ამტკიცებენ, რომ ხეები არ წარმოადგენს გადაშენების პირას მყოფ სახეობას და მათი ამოღება და გაყიდვა შესაძლებელია.

კანონმდებლები ასევე ცდილობდნენ, გაერკვიათ, რატომ არ მონაწილეობდა ადგილობრივი მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კომიტეტის საპასუხოდ, სატყეო სამსახურის წარმომადგენელმა ჯეიმს მუამოდენიამ თქვა, რომ იმ დროისთვის, როცა მათ ფაქტის შესახებ გაიგეს, ხეები უკვე ამოთხრილი და ექსპორტისთვის გამზადებული იყო.

"მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ საკითხზე შევიტყვეთ, მოვიკითხეთ და შეგვატყობინეს, რომ ხეები საქართველოში, შეკვეთილის ბოტანიკური ბაღისთვის იყო განკუთვნილი. მათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეგროვებული ხეების განყოფილებაში განათავსებენ", - თქვა მან.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საკითხის შესწავლის ბოლოს კომიტეტი მოხსენებას მოამზადებს და პარლამენტს განსახილველად წარუდგენს.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ კენიის ხელისუფლებამ საქართველოში 8 ბაობაბის ექსპორტის ნებართვა გასცა.

ამ გადაწყვეტილებამდე, გასული წლის ნოემბერში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ შეაჩერა ლიცენზიის მოქმედება, რომელიც ბაობაბების ამოძირკვას, მათ ტრანსპორტირებას და ექსპორტს ითვალისწინებდა. მაშინ კენიის პრეზიდენტმა უილიამ რუტომ სასწრაფო გამოძიების ჩატარების ბრძანებაც გასცა მომხდართან დაკავშირებულ განცხადებებზე, რომ ხეების ამოთხრის ნებართვა ეწინააღმდეგება მთავრობის პროგრამას, კენიაში მომდევნოს 10 წლის განმავლობაში 15 მილიარდი ხის დარგვის შესახებ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინიმუმ 2016 წლიდან კენიიდან საქართველოში ბაობაბების ექსპორტს ახორციელებს მილიარდერი ბიზნესმენი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რომ რამდენიმე ხე ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში აღმოჩნდა.

კენიის ტელევიზიის მიერ გასული წლის ნოემბერში მომზადებულ რეპორტაჟში ქართველმა ინვესტორმა გიორგი გვასალიამ, ვინც კენიაში ბაობაბებს ყიდულობდა, დაადასტურა, რომ ხეების გაგზავნას გეგმავდა „საქართველოს უნიკალურ პარკში“, სადაც „სხვადასხვა კონტინენტიდან მრავალი ხეა“ დარგული. გვასალიამ განაცხადა, რომ დაგეგმილია ბაობაბებისთვის კენიაში არსებული მიკროკლიმატის შექმნა.

მანამდე კენიელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბაობაბების ექსპორტს შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ქვეყნის ეკოლოგიაზე, რომელიც ებრძვის გვალვას და ცდილობს ტყის განადგურებული საფარის აღდგენას.

XS
SM
MD
LG