საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა ორი ქალი, ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი საპროტესტო აქციების სიმბოლოებად იქცნენ.
სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა საქართველოს ისტორიაში და ქართული იდენტობის შენარჩუნებაში ქალების მნიშვნელოვან წვლილზე. ამის შემდეგ კი ჯილდოს შესახებ გამოაცხადა.
„ეს ჯილდო პერსონალური არ არის. ეს ეძღვნება ყველა ქალს - 9 აპრილის ქალებს, მათ, ვინც ამ და სხვა პერიოდებში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მომავლისთვის. ეს ორნი არიან ამის სახეები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„ქალს ევროკავშირის დროშით“ 2023 წლის მარტის პროდასავლური დემონსტრაციებიდან, ნანა მალაშხიას, მედალი გადაეცა „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის“.
ნანა მალაშხიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეების „გვერდით დგომისათვის“.
„კარგად გესმით ჩვენი ხალხის დაკვეთა, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. იმ ევროპის, სადაც არსებობს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისგან, სადაც სრულად დაცულია მედიის თავისუფლება, ქალთა უფლებები, უმცირესობები“, - თქვა მალაშხიამ სამადლობელ სიტყვაში.
მანვე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს უკრაინის მიმართ გამოხატული პოზიციების გამო, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებთან „სრულ თანხვედრაშია".
ხოლო „ქალს 9 აპრილის ფოტოდან“, ნანა მახარაძეს, მედალი გადაეცა „საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის“.
„ეს 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ჩემი ქვეყნის მომავალი. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპაშია“, - განაცხადა ნანა მახარაძემ სამადლობელ სიტყვაში.