რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოელი აგენტების" ერთიან რეესტრში ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო შეიყვანა. უწყების საიტის ცნობით, ბაბჩენკოს "უცხოელი აგენტების" სიაში შეყვანის მიზეზი ის არის, რომ ჟურნალისტი, სავარაუდოდ, „აგროვებდა თანხებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად" და "ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას საჯარო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და მისი პოლიტიკის შესახებ."
2023 წლის იანვარში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილად გამოაცხადა ჟურნალისტი და ბლოგერი არკადი ბაბჩენკო. შსს-ს ოფიციალურ ბაზაში მითითებულია, რომ ბაბჩენკო იძებნება "რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით". რომელი მუხლით, დაკონკრეტებული არ არის. 2020 წლიდან რუსეთს არკადი ბაბჩენკო შეყვანილი ჰყავს „ექსტრემისტების და ტერორისტების სიაში“.
არკადი ბაბჩენკო „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ სამხედრო კორესპონდენტი იყო და „ნოვაია გაზეტასა“ და სხვა რუსულ მედიასაშუალებებთანაც თანამშრომლობდა. 2017 წელს ბაბჩენკომ პირადი უსაფრთხოების მოტივით რუსეთი დატოვა, რასაც წინ უძღოდა ფეისბუკზე პოსტის გამოქვეყნება სირიაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 92 ადამიანის დაღუპვის შესახებ. ბაბჩენკო წერდა, რომ დაღუპულებს დამნაშავეთა თანამოაზრეებად მიიჩნევს და მათ მიმართ თანაგრძნობა არ გააჩნია.
რუსეთიდან გამგზავრების შემდეგ არკადი ბაბჩენკო პრაღაში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი, უკრაინაში გაემგზავრა და ყირიმელი თათრების ტელერხ ATR-ზე მუშაობდა. 2018 წელს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირება მოაწყო, რაც, ამ სამსახურის თანახმად, საჭირო იყო ჟურნალისტზე რეალურად დაგეგმილი თავდასხმის დამკვეთთა გამოსავლენად. 2019 წელს არკადი ბაბჩენკომ უკრაინა დატოვა.
ყველაზე პოპულარული
1