Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭო ეძებს საშუალებას რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად


საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია რუსეთიდან. 2006 წელი
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია რუსეთიდან. 2006 წელი

ევროპის საბჭომ ხუთშაბათს გამოაქვეყნა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ანგარიში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასული წლის ბოლომდე ევროსასამართლოს ექვსი ათასზე მეტი გადაწყვეტილების აღსრულება იყო მოსალოდნელი, მათგან 2352, ანუ დაახლოებით 40%, რუსეთს შეეხებოდა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას უწევს მონიტორინგს, გასულ წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 413 ახალ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ჩაიბარა, რომელთაგან მხოლოდ სამი აღსრულდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რუსეთის მხრიდან კომპენსაციის გადახდას 1102 შემთხვევაში მოელიან. რუსეთის მიერ გადაუხდელი კომპენსაციის ჯამური ოდენობა 2 მლრდ ევროს უტოლდება, რომლიდანაც 1,8 მლრდ-ზე მეტი „იოკოსის“ საქმეზე მოდის, 10 მლრდ კი - საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. საუბარია 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეებზე.

„ღრმა მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ რუსეთის ხელისუფლება 2021 წლის 17 დეკემბერს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მიუხედავად, რაც (საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“) ანაზღაურების შესაძლებლობას ითვალისწინებს ევროპის საბჭოს საბანკო ანგარიშის მეშვეობით, 2022 წლის ბოლოს მონაცემებით, გადახდა არ განხორციელებულა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდა, „შეისწავლონ ყველა შესაძლო გზა ამ საქმის აღსრულების უზრუნველსაყოფად“. ორგანიზაციის სამდივნოს დაევალა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყველა სახელმწიფოთაშორის საქმეზე სამართლიანი კომპენსაციის რეესტრის შექმნა და გამოქვეყნება, ასევე მისი რეგულარულად განახლება.

2019 წლის 31 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, 2006 წელს ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისას ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 16-მა მოსამართლემ ერთის წინააღმდეგ. აღსრულების პროცედურებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი უძღვება. კომპენსაციის თანხა 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებულ, დაზარალებულ პირებზე უნდა გადანაწილდეს. სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, მათი რიცხვი, სულ ცოტა, 1500 ადამიანს შეადგენს.

თანხის გადახდის ვადად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 30 აპრილი განსაზღვრა, თუმცა რუსეთი დღემდე არ ასრულებს თავის ვალდებულებას.

გასული წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო. 16 სექტემბერს ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს. თუმცა, ევროპის საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული.

მოსკოვმა გასული წლის მარტში შეწყვიტა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, ასევე მათი აღსრულების თაობაზე ანგარიშგება.

XS
SM
MD
LG