2022 წელს გერმანიაში სტუდენტური დასაქმების კერძო პროგრამის მონაწილეები ქართველ და გერმანელ დამსაქმებლებს უჩივიან. 16 გოგო ამბობს, რომ მათი უფლებები ორივე ქვეყანაში შეილახა.
სამხატვრო აკადემიის ყოფილი სტუდენტი მარიამ გელაშვილი გერმანიაში, ბავარიის მხარეში, ქალაქ რეგენსბურგში, სტუდენტური დასაქმების პროგრამით გასული წლის 30 ივლისს წავიდა და იქ 18 ოქტომბრამდე, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩა. მარიამს 3 თვე ავტომობილების ქარხანაში მანქანების ნაწილებით დატვირთული ყუთები ხელით გადაჰქონდა.
„რაშიც შეეძლოთ მოვეტყუებინეთ, თითქმის ყველაფერში მოგვატყუეს. მაშინ არ ვიცოდით ვისთვის უნდა მიგვემართა და ერთადერთი, რაც მოვიმოქმედეთ, საქართველოს საელჩოში დარეკვა იყო, თუმცა ვერაფრით დაგვეხმარნენ და რომ ჩამოვედით, მერე დავუკავშირდით პროფკავშირებს“, - ჰყვება მარიამი.
ყოველ წელს ასეულობით ქართველი სტუდენტი არდადეგების პერიოდში რამდენიმე თვით სამუშაოდ, ძირითადად, გერმანიაში მიდის. 2022 წელს მხოლოდ რეგენსბურგში, იქ, სადაც მარიამი მოხვდა, 40 ახალგაზრდა იყო ჩასული.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გარდა, სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სამუშაოს სხვადასხვა კერძო ფირმა და აგენტი ეძებს. სტუდენტები გერმანიის სხვადასხვა ქარხანაში ძირითადად პროდუქტების შეფუთვებზე საქმდებიან. მარიამმა, სხვა ქართველი გოგოების მსგავსად, სააგენტო „თრეველომანია ჯორჯია“ - ქართულ-გერმანული სივრცე აირჩია. სტუდენტებმა ერთმანეთი გერმანიაში გამგზავრებამდე სოციალური ქსელით გაიცნეს.
„[გერმანიაში] საბუთები "თრეველომანია ჯორჯიას" დამფუძნებლის რუსუდან ჯაფიაშვილის დახმარებით გავაგზავნე, მოწვევა რამდენიმე თვეში უნდა ჩამოსულიყო. რუსუდანთან წინასწარ შევთანხმდით, რომ შოკოლადების ქარხანაში მივდიოდით, რადგან გოგოები ვიყავით და მძიმე სამუშაოსთვის თავის გართმევა არ შეგვეძლო. მოწვევა რომ ჩამოგვივიდა, ბოლო წუთამდე ვიცოდით, რომ მივდიოდით შოკოლადების, ჟელიბონების ქარხანაში შეფუთვებზე“, - ამბობს მარიამი.
ყველა არსებით პირობაზე - საცხოვრებელზე, ანაზღაურებაზე, დასაქმების ადგილზე - სტუდენტები ქართულ სააგენტოსთან შეთანხმდნენ და გერმანელი დამსაქმებლის ხელშეკრულებების დეტალებს არ გასცნობიან.
გერმანიაში ჩასულმა სტუდენტებმა აღმოაჩინეს, რომ რეგენსბურგში შოკოლადების ქარხანა არ არის და ადგილობრივმა დამსაქმებელმა კომპანია TimePartner-მა ისინი ავტომობილების ქარხანა Syncreon-ში გაანაწილა. ეს კომპანია BMW-სთვის მანქანის ნაწილებს აწარმოებს.
„მთლიანი ყუთი უნდა აგეწია, რომელიც 15 კილოგრამს იწონიდა. არ აქვს მნიშვნელობა, გოგო იქნება თუ ბიჭი, ორივე სქესისთვის მძიმე სამუშაოა…უმძიმესი იყო მართლა, ყველას დაეწყო ტკივილები მუცლის, ხელების, ფეხების…“, - იხსენებს მარიამ გელაშვილი.
მსგავსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტის ყოფილი სტუდენტის, მარიამ ხელაძის გამოცდილება. ის გერმანიაში 2022 წლის 27 ივლისს გაფრინდა. წასვლამდე, მარიამ გელაშვილივით, მასაც ეგონა, რომ შოკოლადის ქარხანაში უნდა ემუშავა.
„რუსუდან ჯაფიაშვილმა მითხრა, რომ ბონში შოკოლადების ქარხანაში გამიშვებდა. მოვაწერე კონტრაქტს ხელი, გავაგზავნე საბუთები და დაახლოებით, 3 თვის შემდეგ ჩამოვიდა ჩემი მოწვევა. რუსუდანს მომსახურების საფასური 200 ევრო გადავუხადე. ამის შემდეგ ისევ შევეხმიანე და ვკითხე, რომელ ქალაქში მივდიოდი. მითხრა, რომ ბონში აღარ, მაგრამ ნიურნბერგში, რასაც დავთანხმდი. თან ვფიქრობდი, კი ჩავფრინდები ნიურნბერგში, მაგრამ მერე სად მივდივარ?! და ამაზე არა და არ მცემდა პასუხს“, - ამბობს მარიამ ხელაძე.
სტუდენტს დაჰპირდნენ, რომ გერმანიაში ჩაფრენისთანავე აეროპორტში დამსაქმებლის წარმომადგენელი დახვდებოდა. მარიამის თქმით, რადგან ხარჯები უკვე გაღებული ჰქონდა და ფულიც ნასესხები, უკან დასახევი გზა არ რჩებოდა.
„იქ [აეროპორტში - რ.თ.] არავინ დაგვინახავს. რუსუდანმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ახლა უნდა აიღოთ ბილეთები და ნიურნბერგიდან რეგენსბურგში უნდა წახვიდეთო, სხვა ქალაქში, რომელიც დაახლოებით 2 საათის სავალზეა ნიურნბერგიდან. ჩავედით რეგენსბურგში, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გამოჩნდნენ ჩვენი გერმანელი დამსაქმებლები და საუბარში ახსენეს, რომ მანქანის ქარხანაში უნდა გვემუშავა. ამაზე ცუდი რეაქცია გვქონდა, როცა ვიცოდით, რომ ზოგი პროდუქტების შეფუთვაზე მიდიოდა, ზოგი შოკოლადებში, ზოგი ჟელიბონებში და მანქანა არავის აზრადაც არ მოგვსვლია. გვითხრეს, რომ აქ მეტი ქარხანა ფიზიკურად არ იყო“, - ჰყვება მარიამ გელაშვილი.
სტუდენტების თქმით, მათი მოვალეობა ავტომობილების რკინის, მძიმე ნაწილების -„კაპოტის“, „გლუშიტელების“ ერთი ყუთიდან მეორეში გადალაგება იყო. ისინი ფიქრობენ, რომ ქართველმა დამსაქმებელმა იცოდა, სადაც უშვებდა ახალგაზრდებს, იმიტომ რომ არსებობდა პირველი ნაკადის, 15 სტუდენტის ცუდი გამოცდილება, რის შესახებაც მარიამმა მოგვიანებით გაიგო.
სტუდენტების თქმით, არც სახლიდან სამსახურამდე მისვლა იყო იოლი. კომპანიას ისინი სამუშაოდან 2 საათის დაგვიანებით და სამუშაოზე 2 საათით ადრე მიჰყავდა, არადა პირველი ცვლა დილის 06:00 ზე იწყებდა მუშაობას.
„მუშაობას რომ მოვრჩებოდით, [მძღოლს] ხან წვიმაში, ხან მზეში ველოდებოდით. შენობაში ყოფნა არ შეიძლებოდა. დილითაც სიბნელეში დიდი ხანი გვიწევდა მძღოლის ლოდინი. მუშაობას დღის პირველი საათისთვის ვასრულებდით. არაადამიანური და მონური მოპყრობა იყო. თავიდან შოკში ვიყავით, სასოწარკვეთილები, მაგრამ ამხელა გზაზე რომ ხარ წასული, ამდენი ხარჯი გაქვს გაღებული, უბრალოდ ფიზიკურად ვერაფერს იზამ. ძალიან ცუდი უფროსები შეგვხვდა. თუ რამე შეფერხება იყო და საქმე არ გვქონდა, დაჯდომის უფლებას არ გვაძლევდნენ. 15-წუთიანი შესვენება გვქონდა და ქარხანა იმხელა იყო, შესვენებაზე გასვლასაც ვერ ვასწრებდით. ჰაერსაც ვერ ვყლაპავდით მთელი დღის განმავლობაში“, - ჰყვება მარიამ ხელაძე.
სტუდენტებს საათში დაახლოებით 10 ევროსა და 40 ცენტს უხდიდნენ. თუმცა საერთო შემოსავლიდან თითოეულს საცხოვრებლის 350 ევრო ავტომატურად ექვითებოდა.
„ახლა გავიგეთ, რომ გერმანული კანონმდებლობით, როდესაც ადამიანები ერთ ოთახში ცხოვრობენ და თუ ოთახში 3 ადამიანზე მეტია დაბინავებული, შედარებით დაბალი გადასახადია, თუმცა ჩვენ ძალიან გაბერილი თანხები გვაკლდებოდა. დაგვიკავდა ეკლესიის გადასახადიც. არასწორად იყო ჩვენი სამუშაო საათები გამოთვლილი და ტრანსპორტირებაზეც მოგვაკლეს თანხები, რაზეც არ ვიყავით შეთანხმებული და არც კონტრაქტში იყო გათვალისწინებული“, - ამბობს მარიამ გელაშვილი.
სტუდენტების თქმით, ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ მათ ნაწილს პირველი კვირის შემდეგ დამსაქმებელმა განუცხადა, ამ ქარხანას ამდენი მუშა არ სჭირდებაო და ნაწილი სამსახურიდან დაითხოვა. მათ შორის მარიამ ხელაძე.
„არ ვიცოდი, როგორ გადამეხადა ქირა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი როგორ მეყიდა, იმიტომ რომ აქაურ ხელფასზე ვიყავი დამოკიდებული. რუსუდანი ჩამოვიდა, დაელაპარაკა დამსაქმებელს და გვითხრეს, რომ გაცდენილი დღეები აგვინაზღაურდებოდა. მოვიდა ხელფასის დღე და მოგვიტანეს ჩეკები, სადაც ყველაფერი ეწერა გარკვევით, რაშიც ჩამოგვაკლეს ფული. რეალურად ის დღეები არ აგვინაზღაურეს, მაგრამ შეფუთეს ისე, რომ აგვინაზღაურეს. ჩამოგვაკლეს ინსპექციის გადასახადი, მძღოლის გადასახადი, რომელიც ჩვენს კონტრაქტში არ ეწერა და სადღაც 1200-ის ნაცვლად დაახლოებით 400 ევრო ჩაგვერიცხა თვის ხელფასი, რაც გერმანიაში არაფერი არ არის. საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი ბილეთის თანხა ძლივს შევაკოწიწეთ“, - ამბობს მარიამ ხელაძე.
„თავადაც მოტყუებული ვარ“, - ამბობს ქართველი დამსაქმებელი და „თრეველომანია ჯორჯიას“ ხელმძღვანელი რუსუდან ჯაფიაშვილი. მისი თქმით, სტუდენტების საბუთები ბონში გაგზავნა, მაგრამ მოწვევა რეგენსბურგიდან ჩამოვიდა და ამის შესახებ მოწვევის ჩამოსვლის შემდეგ შეიტყო.
„ჩვენ ამ ბავშვების საბუთები ბონში გვქონდა გაგზავნილი, სადაც წინათაც გვყავდა სტუდენტები გაშვებული, მათ შორის ჩემს ქმარსა და დეიდაშვილებს აქვთ ნამუშევარი ბონში, იგივე კომპანიაში, რა კომპანიაც იყო რეგენსბურგში. რეგენსბურგიდან მოწვევის ჩამოსვლის შემდეგ ოფისში დავიბარე სტუდენტები, ავუხსენი სიტუაცია, როგორც მომწერა დამსაქმებელმა, რომ გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების დიდი ნაკადის გამო ბინებზე ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა და ბონში მხოლოდ 30 სტუდენტის აყვანა შეეძლოთ, დანარჩენები რეგენსბურგის TimePartner-თან გადაამისამართეს. ვაჩვენე მონაწერი, რომ დარწმუნებულიყვნენ. რამდენიმე სტუდენტმა უარი მითხრა წასვლაზე და მეთქი, კარგი, გავიგე მათი პოზიცია“, - ამბობს რუსუდან ჯაფიაშვილი.
ის ასევე დასძენს, რომ რეგენსბურგის ქარხნის შესახებ 16 ივლისს შეიტყო, როცა პირველი ნაკადი უკვე გერმანიაში იყო.
„აგვისტოში ისევ მოვიდა მოწვევა დაახლოებით 10 სტუდენტზე, მაგრამ გავაუქმე ეს მოწვევა. მივწერე, რომ ვეღარ გავუშვებდი, რადგან მივხვდი უკვე, რომ მეც მოტყუებული დავრჩი. ადამიანები ვართ და შეიძლება ჩვენც ვიღაცამ მოგვატყუოს ან მოვხვდეთ გაუგებრობაში. მოხდა ის, რაც ჩვენთვისაც წარმოუდგენელი იყო, რომლის შემდეგ დავბლოკეთ ის ფირმა“, - ამბობს რუსუდანი.
„ძალიან მძიმე დარღვევები იყო“, - თვლის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქმის წარმოებას იწყებს როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში. მთავარი მოთხოვნა ხელფასებისა და გაცდენილი პერიოდის სრულად ანაზღაურებაა.
„მზადდება სარჩელი ორივე მხარის წინააღმდეგ. პირდაპირი კანონდარღვევაა ის, რომ ადამიანებმა იმუშავეს, ან ადამიანები დამსაქმებლის ბრალით იძულებით მოცდენის პირობებში ამყოფეს გარკვეული პერიოდი და მათ ვერ მიიღეს სრულად ის ანაზღაურება, რაც ეკუთვნოდათ“, - ამბობს იურისტი და პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილე თამარ სურმავა.
სტუდენტების ბრალდებებთან დაკავშირებით კომპანია TimePartner-ში, რადიო თავისუფლების მიერ 4 აპრილს გაგზავნილი კითხვები სტატიის დაწერის მომენტამდე უპასუხოდ არის დაჩენილი.
როცა სამუშაოს მაძიებელი საზღვარგარეთ კერძო კომპანიების დახმარებით მიდის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმეში ჩარევის ბერკეტი არ გააჩნია.
ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ შრომის ინსპექციის დეპარტამენტში გვითხრეს, რომ კანონში ცვლილებების შეტანამდე, საზღვარგარეთ დასაქმებულებზე მათი მანდატი არ ვრცელდება და, შესაბამისად, არც ჩარევის მექანიზმები აქვთ.
ამჟამად პარლამენტი შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომელმაც კერძო სააგენტოებზე სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი უნდა გაავრცელოს.