Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშაობა გრძელდება და ვნახოთ, გადაწყვეტილება საქართველოს პროგრესზე იქნება დამოკიდებული - ჰერჩინსკი


პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, თუმცა "გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს პროგრესზე". კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივაზე ელჩმა ქუთაისში ისაუბრა მედიასთან.

"27-მა წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა. 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, ჩვენ ამ პროცესს წლის ბოლოს შევაფასებთ და 27 სახელმწიფო დეკემბერში გადაწყვეტს მომდევნო ნაბიჯებს.

იმედი მაქვს, ეს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება, იმედი მაქვს, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს არაა გზის დასასრული, ასეც რომ მოხდეს, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, სხვა ბევრ ნაბიჯთან ერთად. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სტაბილურობას, სიმშვიდეს, კეთილდღეობას, ცხოვრების მაღალ სტანდარტს. ასე რომ, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ კონსენსუსს, ეს მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას, კომპრომისის, ინკლუზიურობის და კონსტრუქციულობის სულისკვეთებით", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.

არაერთი წყაროს თანახმად, ევროკომისია იხრება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ.

ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროების მიხედვით, ევროკომისია მზადაა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია, ამ მზაობას კი თან ახლავს არაოფიციალური დათქმა, რომ საქართველო ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში არ გადადგამს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირისგან დისტანცირებისთვის და გააგრძელებს რეფორმებზე მუშაობას.

წყაროების თანახმადვე, ოქტომბერში ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ მორიგი ანგარიშების გამოქვეყნების ფონზე, ევროკომისია გასცემს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა.

2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პირობა უნდა შეასრულოს.

XS
SM
MD
LG