პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022-2030 წლებისთვის საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგია განიხილეს. დოკუმენტზე პარლამენტის ტრიბუნიდან შენიშვნები გამოთქვა „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ. როგორც დეპუტატი ამბობს, დოკუმენტის მომხსენებელმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა ვერც კი წარმოთქვა და გაიმეორა სიტყვები სექსუალური უმცირესობა, ლგბტ ადამიანების უფლებები.
„ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები არის ადამიანის უფლებები. ეს არის სექსუალური უმცირესობა, რომელთა უფლებებიც ადამიანის უფლებების სტრატეგიაში უნდა იყოს ნახსენები. ამაზე მარტო მე არ ვლაპარაკობ. ეს გითხრეს პარტნიორებმაც, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ დოკუმენტის მომზადებაში და ეს გითხრეს იმ ადამიანებმა, იმ ჯგუფებმა, იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც იცავენ ამ ადამიანების უფლებებს.
ჩვენ ვნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელშიც ადამიანის უფლებების ნაწილში ნახსენებია 5-6 ივლისის დანაშაულები, ძალადობა სწორედ ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ. ხაზგასმულია, რომ ეს ადამიანები დასჯილი არ არიან. მეტიც, ეს ადამიანები აგრძელებენ აგრესიულ და ძალადობრივ მოწოდებებს და მეტიც, კიდევ უფრო სახიფათო - ამაზე საუბრობენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. გარდა ამისა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სულ ახლახან გააკეთა განცხადება, რომ ის იბრძოლებს მათ წინააღმდეგ, ვინც ლგბტ პროპაგანდას ეწევა და ეკლესიის წინააღმდეგ ვინც იბრძვისო. ძალიან ახლოსაა და თითქმის იდენტურია რუსული პროპაგანდის, რაც გვესმის, იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს და გაიხლიჩოს საზოგადოება.
ადამიანის უფლებების სტრატეგიაზე როდესაც მპასუხობთ, რომ მხოლოდ ტექსტობრივ ფორმულირებებზე იყო შენიშვნები და არაფერი არსობრივზე, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ შენიშვნებს ჩვენც ვკითხულობთ, ამ დოკუმენტებს ჩვენც გვიზიარებენ, ამ საკითხებით ჩვენც ვინტერესდებით და ამ დოკუმენტებში ღიად წერია სწორედ რომ შინაარსობრივი შენიშვნები. წერია, რომ დოკუმენტში არ უნდა გაქრეს ფრაზები, როგორიც არის გენდერული იდენტობა, სექსუალური უმცირესობები, ლგბტ უფლებები, ადამიანები, რომლებიც ჩაგრული არიან იმის გამო, რომ სხვა ორიენტაცია აქვთ. ამ ფრაზების გამეორებაც კი გიჭირთ, ეს არის იმდენად საშიში, რომ არც კი ვიცი, როგორ შევაფასო", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
2022-2030 წლებისთვის საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგია, როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აცხადებს, მოიცავს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას:
ა) მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობის პრინციპების, ინსტიტუციური დემოკრატიის გამყარება და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა;
ბ) ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება და ამისთვის სისტემური გარანტიების გაუმჯობესება;
გ) თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში, მათი დანერგვა პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე;
დ) რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
ნიკო თათულაშვილის თქმით, ამჟამად დაწყებულია მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე, რომლის შესრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებს დაევალებათ ყოველწლიური ანგარიშების წარდგენა მიღწეული პროგრესის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციისთვის, შედეგად მომზადდება შესრულების ერთიანი შემაჯამებელი ანგარიში, რომელსაც მთავრობა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს გავლით პარლამენტს წარუდგენს.
ადამიანის უფლებათა დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებს მოიცავდა.