Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულმა ოცნებამ" ბორჯომში შეხვედრა გამართა


საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების შეხვედრა
საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების შეხვედრა

საპარლამენტო უმრავლესობამ და საქართველოს მთავრობის წევრებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს. ვიდეო და ფოტომასალა გაავრცელა პარტიის პრესსამსახურმა და აღნიშნა, რომ "საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გარდა, შეეხო საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებს".

საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების შეხვედრა
საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების შეხვედრა

"შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები", - წერია განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების შეხვედრა
საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების შეხვედრა

გავრცელებულ ვიდეო და ფოტომასალებში ჩანს, რომ შეხვედრის სივრცეში არსებული სკამების ნაწილი თავისუფალია. გავრცელებული კადრების მიხედვით, ამ შეხვედრას არ ესწრებიან დეპუტატები: დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ნინო იობაშვილი. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ეს დეპუტატები აღარ იქნებიან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, დეპუტატების ნაწილმა უმრავლესობა უახლოეს პერიოდში დატოვოს და ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გავრცელებულ კადრებში, ასევე, არ ჩანდა რამდენიმე სხვა დეპუტატიც.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრებიც, თუმცა არა ყველა, მათ შორის განათლების მინისტრი. სხვადასხვა მედიასაშუალება, მათ შორის "TV პირველი" წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ განიხილება თანამდებობა დაატოვებინონ მიხეილ ჩხენკელს - მისი გადაყენება ე.წ. აგენტების კანონს შეიძლება უკავშირდებოდეს.

რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს) იღებდა, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირებულიყო.

დოკუმენტი მოიწონა მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამაც" და ხალხმრავალი პროტესტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრა ორი დღის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით საკითხის განხილვა ადრე დაიწყო.

კანონპროექტის პირველი მოსმენის მიღების დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ "საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე" იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. ორი დღის შემდეგ, როცა პროტესტი არ წყდებოდა, მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და კანონპროექტი უკან გაითხოვა. დოკუმენტის მიღება დროში დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს - ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ამ კანონპროექტს ამ პროცესის შემაფერხებლად აფასებდნენ.

XS
SM
MD
LG