Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინისათვის თვითმფრინავ მიგ-29-ების გადაცემა


სლოვაკური "მიგების" საავიაციო შოუ
სლოვაკური "მიგების" საავიაციო შოუ

სლოვაკეთის მთავრობამ პარასკევს დაამტკიცა უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების MiG-29 ტიპის გამანადგურებლების უსასყიდლო გადაცემა. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ედუარდ ჰეგერმა, განაცხადა.

ამრიგად, სლოვაკეთი გახდა მეორე ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემა. ერთი დღით ადრე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კიევი პოლონეთის არმიის შეიარაღებაში არსებულ 4 ერთეულ მიგ-29-ს მიიღებს.

ვარშავამ და ბრატისლავამ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისკენ ნატოს სხვა წევრ ქვეყნებსაც მოუწოდეს.

საბჭოთა წარმოების მიგ-29 გამოიყენება უკრაინის საჰაერო ძალების მიერ. ცნობარ World Air Forces 2022-ის თანახმად, რუსეთთან ომამდე უკრაინას ჰყავდა 51 ასეთი თვითმფრინავი, მათ შორის სასწავლო-საბრძოლო დანიშნულების. Military Balanc-ის მიხედვით კი უკრაინის შეიარაღებაში იყო 37 ერთეული მიგ-29.

დადასტურებულია ბრძოლებში 18 ერთეული მიგ-29-ის განადგურების ფაქტი, ვინაიდან მათი ფრაგმენტები ფოტოებსა და ვიდეოებშიც მოხვდა. მაგრამ ფაქტობრივი დანაკარგები, დაზიანებული ან განადგურებული საბრძოლო თვითმფრინავების გათვალისწინებით, შეიძლება უფრო მაღალი იყოს.

უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდება "სერიოზული დახმარება" იქნება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან ფრონტზე სერიოზული ცვლილებები მოახდინოს, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იური იგნატმა.

"დიახ, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული დახმარებაა. ეს არის ჩვენი ტაქტიკური ავიაციის შესაძლებლობების ზრდა. მაგრამ იმისათვის, რომ ჰაერში უპირატესობა მოვიპოვოთ, რომ სახმელეთო სამიზნეებზე იერიშები განვახორციელოთ, ამისთვის მრავალფუნქციური თანამედროვე თვითმფრინავები გვესაჭიროება", - განაცხადა იგნატმა ნაციონალური ტელემარათონის ეთერში.

მისი თქმით, საბჭოთა წარმოების მიგ-29 გამანადგურებლებს, რომლებსაც უკრაინა, სავარაუდოდ, პოლონეთისგან და სლოვაკეთისგან მიიღებს, „გარკვეული მოდერნიზაცია“ დასჭირდება.

XS
SM
MD
LG