28 წლის მარი, რომელიც ძალადობაში ბრალდებული ქმრის ინიციტივით, 13 მარტს გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში საბავშვო მოედნიდან, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გადაიყვანეს, 15 მარტს კლინიკიდან გაწერეს. როგორც მარის დედა გვეუბნება, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ექიმმა, მას ჯერ კიდევ 14 მარტის საღამო უთხრა, რომ „მარის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სრულად დამაკმაყოფილებელი, არ არსებობდა არანაირი საჭიროება, რომ ის ფსიქიატრიულში დარჩენილიყო“ და შეეძლო შვილი ნებისმიერ დროს წაეყვანა კლინიკიდან.
მარი და მისი მცირეწლოვანი შვილი სათამაშო მოედანზე, სხვა მშობლებისა და ბავშვების გარემოცვაში იყვნენ, როცა მათზე ძალადობაში ბრალდებულმა 43 წლის მიხეილ კობიაშვილმა ბავშვზე ზრუნვის სააგენტო, პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა და ახალგაზრდა ქალი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადააყვანინა. მცირე წლოვანი შვილი კი, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს, ზრუნვის სააგენტომ ძალადობაში ბრალდებულ მამას გაატანა.
დღეს, 16 მარტს, მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან და ბებიასთან სამმა სოცმუშაკმა დააბრუნა.
43 წლის მიხეილ კობიაშვილს ბრალად ედება ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობა. დედა-შვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული და უკვე რამდენიმე თვეა ოჯახში ძალადობის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. კობიაშვილს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის ორ მუხლს, ოჯახში ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება.
კაცი თავს დამნაშავედ მხოლოდ „ნაწილობრივ“ თვლის. ამბობს, რომ ის ცოლს მხოლოდ „გაღიზიანების ნიადაგზე დაემუქრა“ და ეს იყო „უბრალოდ მუქარა“. რაც შეეხება ძალადობას, ის ამ ფაქტებს უარყოფს.
28 წლის მარის დედამ, გამოძიებას ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში წარუდგინა აუდიო ჩანაწერები, სადაც გარკვევით ისმის, როგორ ძალადობს კაცი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლზე. ამ მტკიცებულებების წარდგენიდან დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, პროკურატურამ დედა-შვილი დაზარალებულად ცნო. მიხეილ კობიაშვილს ბრალად ედება ოჯახში ძალადობა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
ეს აუდიო-ჩანაწერები, რომლებიც ოჯახში ძალადობის საქმეს ახლავს თან, რადიო თავისუფლებას 28 წლის ქალის დედამ 2022 წლის სექტემბერში მიაწოდა. ჩანაწერები რთული მოსასმენია და ის ოჯახში ძალადობის რამდენიმეთვიან ეპიზოდს მოიცავს. ათობით აუდიო-ჩანაწერს, გარდა ძალადობის ამსახველი ხმებისა, გინებისა და მუქარისა, ფონად გასდევს მცირეწლოვანი ბავშვის უწყვეტი ყვირილი. ყველა აუდიო ჩანაწერში, რომელიც სხვადასხვა პერიოდს ასახავს და შესაბამისად, სხვადასხვა რიცხვითაა დათარიღებული, ოთხი ადამიანი ფიგურირებს: 27 წლის ქალი (ცოლი), 42 წლის კაცი (ქმარი), 2 წლის ბავშვი და ბებია. აუდიო ჩანაწერებში ისმის, რომ კაცი ცოლს მოკვლითაც ემუქრება.
პრეცედენტული საქმე - როცა ბრალდებულს დაზარალებული სახლში მიჰყავს
„ეს არის პრეცედენტული საქმე, როცა სააგენტო დაზარალებულის სტატუსის მქონე მცირეწლოვან შვილს, ძალადობაში ბრალდებულ მამას ატანს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დედა-შვილის ინტერესების დამცველი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ეკა ქობესაშვილი.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ მიხეილ კობიაშვილს ძლიერი მფარველები ჰყავს და ამ გზით ახერხებს, თავი აარიდოს იმ პასუხისმგებლობებსა და ბერკეტებს, რაც ოჯახში ძალადობაში ბრალდებული პირების წინააღმდეგ მოქმედებს.
შეცდომა #1 - სოცმუშაკი დაზარალებულის სტატუსის მქონე ბავშვს ატანს ბრალდებულ მამას
ეკა ქობესაშვილმა უკვე მიმართა ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რომ დაიწყოს მოკვლევა ბრალდებული კაცისთვის დაზარალებულის სტატუსის მქონე შვილის გადაცემის ფაქტზე:
„ამას შეიძლება დანაშაულებრივი ქმედებაც კი ეწოდოს. სოციალური სამსახური ახლა ვალდებულია, გამოიკვლიოს, რის საფუძველზე მიიღო სოციალურმა მუშაკმა სრულიად გაუმართლებელი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობის მოტივით, დაზარალებული მცირეწლოვანი გაატანა ბრალდებულ მამას“.
ადვოკატი ასევე მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, დაუყოვნებლივ იქნას გამოცემული ბრალდებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი, რათა მას აეკრძალოს კომუნიკაცია და ურთიერთობა ცოლ-შვილთან:
„დღეს უწყებები ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს. სწორედ ამ უწყებების, ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს, სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაკოორდინირებული ქმედებების გამო ადამიანი რჩება დაუცველი. უკვე მივმართეთ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გამოწერაზე. 13 მარტს, როდესაც მარი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, პოლიცია გვიმტკიცებდა, რომ სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილება იყო, რომ ბრალდებულის მიმართ არ გამოწერილიყო შემაკავებელი ორდერი“.
შეცდომა #2 - სოციალური სამსახური არ ატყობინებს მარის დედას, რომ ის ფსიქიატრიულში გადაჰყავთ
რაც შეეხება 28 წლის ქალის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხს, ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ ის ისე წაიყვანეს გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და ისე გადასცეს მისი შვილი ბრალდებულ მამას, რომ ამის შესახებ საქმის კურსში არ ჩააყენეს მარის დედა, ადამიანი, რომელთან ერთადაც მარი და მისი შვილი ცხოვრობენ:
„მარის საბავშვო მოედნიდან ფეისბუკის ლაივი რომ არ ჩაერთო და არ გვენახა, რომ მის წასაყვანად მისულები იყვნენ პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები, ჩვენ ვერ გავიგებდით, სად იყო მარი და ვინ და სად წაიყვანა მისი შვილი. სოციალურ სამსახურს, პირველ რიგში, შეტყობინება უნდა გაეკეთებინა სწორედ მარის დედასთან. აქ იყო დაშვებული კიდევ ერთი დიდი შეცდომა. სოციალურ სამსახურს ბებია უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში, რომ ბავშვს ატანდნენ ძალადობაში ბრალდებულ მამას“.
რატომ დააწვინეს მარი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, თუკი ამის საჭიროება არ იყო?
ამ საქმეში კიდევ ერთი დიდი კითხვის ნიშანი 28 წლის ქალის გლდანის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ცენტრში იძულებითი გადაყვანაა.
შეცდომა #3 - მარის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მეთვრამეტე მუხლში, რომელიც არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმებს არეგულირებს, ვკითხულობთ, რომ „პირს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა, როდესაც მას ფსიქიკური აშლილობის გამო არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ამ პირისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა მისი სტაციონარში მოთავსების გარეშე შეუძლებელია და დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან შესაძლებელია პაციენტმა საკუთარი მოქმედებით მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი“.
მარი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მაშინ გადაიყვანეს, როცა ის შვილთან, სხვა არასრულწლოვნებთან და მათ მშობლებთან ერთად, სათამაშო მოედანზე იმყოფებოდა.
ფეისბუკის ლაივში, რომელიც მან პოლიციელებისა და სასწრაფო დახმარების ექიმების მისვლის შემდეგ ჩართო, ისმის მისი ხმა, რომელიც პოლიციელებს მშვიდად პასუხობს კითხვებზე და თავის მხრივ, თავადაც ინტერესდება, რატომ აპირებენ მის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანას.
ფეისბუკის ლაივში 28 წლის ქალი ადასტურებს, რომ მან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობის კურსი რამდენჯერმე გაიარა და დაძლია ის პრობლემები, რომელიც მას მანამდე ჰქონდა:
„სამჯერ ვიყავი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ფსიქიატრიული დაწესებულების გამოცდილება უკვე მაქვს მიღებული და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე, თავადაც კარგად ვუმკლავდები თავს, ასე რომ ამ ბატონების დახმარება არ მჭირდება. სხვა უფრო კარგი ადამიანებიც ვიპოვე ცხოვრებაში, რომლებიც სამედიცინო მუშაკებზე უკეთ დამეხმარნენ“...
28 წლის ქალის გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გაწერის გადაწყვეტილება 15 მარტს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიამ მიიღო.
კანონმდებლობის თანახმად, სტაციონარში მოთავსებიდან 48 საათში ექიმ-ფსიქიატრთა კომისიამ უნდა შეისწავლოს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა და გადაწყვიტოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზანშეწონილობის საკითხი. ექიმ-ფსიქიატრთა კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია დაასკვნის, რომ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება არ არის მიზანშეწონილი, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან.
ეთერ ელიოზიშვილი, 28 წლის ქალის მკურნალი ექიმი პაციენტის კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ მცირე კომენტარით შემოფარგლა რადიო თავისუფლებასთან:
„გუშინ გავუშვი. მე და ჩემმა კოლეგებმა კომისიურად შევაფასეთ მდგომარეობა და გავუშვით გუშინ. ზედმეტ კითხვებს ნუ დამისვამთ, ნუ გადამიყვანთ ჩემი უფლება-მოვალეობის ველიდან“.
როგორც მარის დედა გვეუბნება, მისი შვილი კლინიკაში შეყვანის შემდეგ მწვავე პაციენტების განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა, როგორც მას მკურნალმა ექიმმა განუმარტა, ამის საჭიროება არ არსებობდა:
„მითხრა, რომ ჩემი შვილის მდგომარეობა არ იყო მწვავე და არ გადიოდა არანაირ მედიკამენტოზურ მკურნალობას. მაშ, რატომ მიიღო კლინიკის მორიგე ექიმმა გადაწყვეტილება, რომ ჩემი შვილი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დაეწვინათ?“
ახალგაზრდა ქალის დედა გვეუბნება, რომ ქმრის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამო, გასულ წლებში, მისი შვილი რამდენჯერმე მოხვდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თუმცა, დედა ირწმუნება, რომ ამჯერად, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იყო და არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რომ ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაეყვანათ:
„ეს კაცი მარის სისტემატურად ემუქრებოდა, რომ ფსიქიატრიულში გამოკეტავდა. რაკი ჩემი შვილი რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში, ისევ და ისევ მისი ძალადობისგან გამოწვეული ფსიქიკური პრობლემების გამო, ეს მდგომარეობა ამ კაცმა სათავისოდ გამოიყენა. გამოიძახა სასწრაფო და მარი ფსიქიატრიულში წააყვანინა“.
28 წლის ქალისა და მისი შვილის საქმე, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალური მომსახურების სააგენტო არასათანადოდ რეაგირებს მოსალოდნელ საფრთხეებზე.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, როდესაც სოციალური მომსახურების სააგენტოს რამდენიმე თანამშრომელს მოუწია სამსახურის დატოვება, 2019 წლის 22 იანვარს მოხდა. 4 წლის ნინო საკუთარ საწოლში, დედის გვერდით გარდაიცვალა.
გარდაცვლილ ბავშვს, სხეულზე ძალადობის ნიშნები, დალურჯებები ეტყობოდა. სიკვდილამდე 2 კვირით ადრე, 6 იანვარს, ბავშვი იაშვილის კლინიკაშიც მოხვდა. 4 წლის ნინო იქ საპატრულო ეკიპაჟმა მას შემდეგ გადაიყვანა, რაც მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. 6 იანვარს საპატრულო პოლიციამ ბავშვის დედას შემაკავებელი ორდერიც გამოუწერა. თუმცა, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, 8 იანვარს, ბავშვი კვლავ დედის გვერდით აღმოჩნდა.
2019 წლის 25 ივლისს, ბავშვის დედა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.
4 წლის ნინოს გარდაცვალების შემდეგ, 30 იანვარს, თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. თანამდებობიდან გათავისუფლდა სოციალური სამსახურის 4 მუშაკი. მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ბავშვის გარდაცვალების საქმეში გამოიკვეთა „ბავშვის მართვის მენეჯმენტთან“ დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც დაკავშირებული იყო სოციალური სამსახურის მუშაკების საქმიანობასთან.
რადიო თავისუფლება შვიდი თვეა აშუქებს ოჯახში ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული 43 წლის მიხეილ კობიაშვილის საქმეს. ამ შვიდი თვის განმავლობაში, არაერთხელ ვცადეთ პასუხების მოძიება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსგან, თუმცა, ვერცერთ ეტაპზე მათგან პასუხების მიღება ვერ მოხერხდა.
მიხეილ კობიაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.