ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის საქმეში - „მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში, 2008 წლამდე მომხდარ ფაქტებს შეეხება. არ გამოიკვეთა დარღვევები საქართველოს მხრიდან.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ „აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო“ და პასუხისმგებლობა მაშინაც რუსეთის ფედერაციას ეკისრებოდა.
მანამდე, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთისთვის მოგებული საქმის (2021 წლის 21 იანვარს) ფარგლებში დადგენილი იყო ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციის ფაქტი, რაც 2008 წლის ომისა და შემდგომ პერიოდს ეხებოდა.
სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციით, მომჩივან მხარეს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები - ლევან მამასახლისი, მისი ბებია დინარა მამასახლისი (2011 წელს გარდაიცვალა) და გრიგოლ ნანავა (2006 წელს გარდაიცვალა).
21 წლის ლევან მამასახლისი - 2001 წელს, ხოლო 81 წლის გრიგოლ ნანავა - 2003 წელს უკანონოდ დააკავეს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ისინი ციხიდან 2007 და 2005 წლებში გაათავისუფლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პატიმრების მიმართ დადგინდა სასტიკი მოპყრობა - მათ ხელი არ მიუწვდებოდათ სამედიცინო დახმარებაზე, სამართლიან მართლმსაჯულებაზე და არ ეძლეოდათ უფლება შეხვედროდნენ ოჯახის წევრებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ, შესაძლებლობების ფარგლებში, გააკეთა ყველაფერი მამასახლისისა და ნანავას უფლებების დასაცავად კონვენციის ფარგლებში, მაგრამ "წააწყდა მუდმივ უარს თანამშრომლობაზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან და უმოქმედობას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, საჩივრების განხილვის კუთხით“.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 2006 წელს აღძრა და გამოძიების ფარგლებში დადგინდა მამასახლისის მიმართ ძალადობის, წამებისა და დამცირების ფაქტები. მას აიძულებდნენ, რომ ეღიარებინა სახელმწიფოს ღალატი და ტერორიზმი, რაც თითქოს საქართველოს ხელისუფლების საიდუმლო აგენტის რანგში ჩაიდინა. დაწყებულ გამოძიებას დამნაშავე მაღალჩინოსნების გამოვლენაც მოჰყვა.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, მომჩივანი მამასახლისისა და ნანავას მიმართ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-3 (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) მუხლებით გათვალისწინებული უფლებები.
რუსეთს დაეკისრა ლევან მამასახლისისა და გრიგოლ ნანავას მიმართ 35-35 ათასი ევროს გადახდა და ხოლო ხარჯების ანაზღაურება 23,300 ევროს ოდენობით.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს მთავრობის კონსოლიდირებული სამართლებრივი პოზიციები და მტკიცებულებები 2017 წელს გაიგზავნა“ და მათ შორისაა: „მასალა შესაბამისი ეროვნული არქივებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები და დოკუმენტები, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების საჯარო განცხადებები, დოკუმენტები და რუსული საკანონდებლო აქტები, აფხაზეთის დე ფაქტო „ხელისუფლების“ და რუსეთის ფედერაციის „ურთიერთობის“ ამსახველი წყაროები: ინფორმაცია მათ შორის არსებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო და სხვა ტიპის მჭიდრო კავშირებზე, პასპორტიზაციაზე“.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 11 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტი 7 ოქტომბრით თარიღდება.