Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაცარავას თქმით, მის ოჯახზე თავდამსხმელი "ალტ-ინფოს" წევრების დაკავებას 14 მარტამდე დაელოდება


დავით ქაცარავა
დავით ქაცარავა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ქაცარავას მეუღლისა და შვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შს სამინისტროში მიაწოდეს.

დავით ქაცარავას მონათხრობის თანახმად, ავტომობილს, რომელშიც მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი ისხდნენ, 9 მარტს, ღამით, რადიკალური, პრორუსული ჯგუფის - "ალტ-ინფოს" წევრები დაესხნენ თავს.

დავით ქაცარავამ გამოაქვეყნა მანქანის დაზიანების ამსახველი ფოტოებიც, სადაც ჩანს ჩამსხვრეული მინა და მძღოლის მხარეს კარის მოტეხილი სახელური.

„კარის სახელურის გამოგლეჯვას და ჩემი შვილის გადმოთრევას აპირებდა ალტინფოელი ორკი... ბავშვზე და ქალზე თავდასხმა რომელ ქრისტიანულ კანონში გიწერიათ, ჩმოებო?“, - წერდა ის.

ქაცარავა წერდა დაკარგული ძაღლის - გერმანული ნაგაზის - შესახებაც, რომელიც, მისი თქმით, თავდასხმის შემდეგ, ჩამსხვრეული მინიდან გადახტა.

პრორუსული დაჯგუფების – „ალტ-ინფოს“ ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია მომხდარს არ უარყოფს, მაგრამ ქაცარავას მეუღლეს პროვოკაციაში სდებს ბრალს. „კამერებზე ჩანს, გინებით მოვიდა და კინაღამ ჩვენი [გუნდის] ყოფილი მებრძოლი გაიტანა მანქანით“, - ეუბნება ის „ფორტუნას“ და პარალელურად იმასაც ამბობს, რომ, როცა „გაეკიდნენ მანქანას, ქალი თუ იჯდა, არ იცოდნენ“ და „როცა შვილთან ერთად ნახეს, გაეცალნენ“, - ამბობს მორგოშია.

თავად დავით ქაცარავა დარწმუნებულია, რომ დანაშაული წინასწარ იყო დაგეგმილი.

„თავდასხმა მოხდა სააკაძის მოედანთან, სადაც არის "ალტ-ინფოს" მთავარი ოფისი. იქ ასხამს ხოლმე ჩემი მეუღლე საწვავს მანქანაში. რამდენიმე დღის წინ, როცა ოფისთან გაიარა, დაუსიგნალა და ფეისბუკზე დაწერა, რომ ყოველთვის ასე მოიქცეოდა მათი ოფისის წინ გავლისას. ამას მოჰყვა გარჩევა "ალტ-ინფოს" ჯგუფებში, რომ ამისთვის პასუხს მიიღებდა ჩემი ცოლი. როგორც ჩანს, ჩასაფრებულები იყვნენ. მანქანაში იჯდა ჩემი 13 წლის შვილი, მძღოლის გვერდით. ისინი ამას ხედავდნენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ქაცარავამ, 10 მარტს.

თავდასხმის შემდეგ, ქაცარავას ჰქონდა რამდენიმე ვიდეოლაივი, სადაც ის „ალტ-ინფოს“ წევრებს აგინებს. მან ასევე გამოაქვეყნა მობილურის ნომერი და დამნაშავეებს მასთან დაკავშირება არაერთხელ მოსთხოვა; მაგრამ, როგორც ამბობს, არავინ დაკავშირებია.

10 მარტს დავით ქაცარავამ ფეისბუკზე დაწერა, რომ საგამოძიებო უწყებას, დამნაშავეების დასადგენად ვადას 14 მარტამდე აძლევს, რის შემდეგაც „ვიტოვებ უფლებას ვიმოქმედო ჩემი შეხედულებისამებრ“. როგორც ქაცარავა ამბობს, მისმა მეუღლემ მომხდარიდან მალევე მიმართა სამართალდამცველებს და ჩატარდა ავტომობილის ექსპერტიზაც.

XS
SM
MD
LG