უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც საქართველოს ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა. მიმართვა, რომელიც 8 მარტს თბილისში აქციის დაშლის დროს გამოქვეყნდა, წერია, რომ პატივისცემას გამოხატავს საქართველოს მიმართ. ის მადლობას იხდის თბილისში უკრაინის ჰიმნის გაჟღერებისთვისაც.
"არ არსებობს უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობრულ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს. დემოკრატიულ წარმატებას. ევროპულ წარმატებას.
ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირში - და ვიქნებით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ამას იმსახურებს ევროპის ყველა თავისუფალი ერი. დიდება ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია უკრაინისთვის! დიდება ყველას, ვინც იბრძვის თავისი ძმებისთვის! დიდება უკრაინას!" - აცხადებს ზელენსკი.
ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში იმართება აქციები იმ კანონპროექტების გასაპროტესტებლად, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - "ხალხის ძალის" მიერაა ინიციირებული. ამ დოკუმენტებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირება მოუწევთ. ეს კანონპროექტები მიუღებელია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვისაც.
ე.წ. აგენტების შესახებ 2 კანონპროექტიდან ერთი - კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - პარლამენტმა ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების ფონზე 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო, რასაც ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ დრომდე ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 70-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
7 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ცნობილი იყო, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე 9 მარტს უნდა გაეტანათ. მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა 7 მარტსვე დაიწყო - საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, "თავდაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებების მომზადება ვერ მოესწრო და მის ნაცვლად გადაწყვიტეს დაეწყოთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა.