Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადიმ ხმალაძეს ვერ პოულობენ - ის, სავარაუდოდ, დაკავებულია


ნადიმ ხმალაძე
ნადიმ ხმალაძე

რამდენიმე საათია მეგობრები და ადვოკატი უშედეგოდ ცდილობენ იპოვონ უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე, რომელიც საქართველოში დროებით იყო ჩამოსული და, სავარაუდოდ, თბილისში დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა თორნიკე ბაქრაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, იგი დროებითი დაკავების იზოლატორებში ცდილობს ნადიმ ხმალაძის პოვნას მას შემდეგ, რაც მისი დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. საღამოს 6:38 საათისთვის, როცა რადიო თავისუფლება ელაპარაკა თორნიკე ბაქრაძეს, იგი უკვე იყო ნამყოფი რამდენიმე დროებითი დაკავების იზოლატორში და მიდიოდა ზაჰესში იმ იმედით, რომ ნადიმ ხმალაძე იქ დახვდებოდა.

"სავარაუდოდ, დღეს, სამი საათისთვის, დააკავეს. გუშინდელ აქციასთან ეს კავშირში არ არის. არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ, სხვადასხვა იზოლატორში ვეძებ", - გვითხრა თორნიკე ბაქრაძემ.

ვარაუდი ნადიმ ხმალაძის დაკავების შესახებ ეფუძნება იმ ფაქტს, რომ დღეს, დაახლოებით 15 საათზე, იგი "პალიტრა მედიის" ჟურნალისტ ხათუნა ბახტურიძეს აძლევდა სატელეფონო ინტერვიუს, რომელიც მოულოდნელად შეწყდა. თუმცა მანამდე ნადიმ ხმალაძემ ჟურნალისტს უთხრა, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მუდმივად იყო პოლიციის მხრიდან თვალთვალისა და ადევნების ობიექტი.

"მითხრა, რომ პოლიცია დასდევდა, თან არა ფარულად, აშკარად. საუბრის დროს გავიგე მამაკაცის ხმა და ჩოჩქოლი - უხეში ხმით უთხრეს, რომ ტელეფონი გაეთიშა. ბატონმა ნადიმმა უთხრა, რომ ტელეფონს ვერ გათიშავდა, ვინაიდან ჟურნალისტს ელაპარაკებოდა და ინტერვიუს აძლევდა, თან მე მითხრა, რომ პოლიციამ გააჩერა. განცდა მქონდა, რომ ქუჩიდან მელაპარაკებოდა. იმის მერე, რაც გაისმა ბრძანება ტელეფონის გათიშვის შესახებ, მალევე გაითიშა ტელეფონი. მერე ვცადე ისევ დამერეკა და უკვე გამორთული იყო ქსელიდან. დავუკავშირდი მის მეგობრებს, ვისგანაც მქონდა ნადიმ ხმალაძის კონტაქტი და მათაც მოვუყევი ეს ამბავი", - უთხრა რადიო თავისუფლებას ხათუნა ბახტურიძემ.

რადიო თავისუფლება გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც შეგვპირდნენ, რომ გაარკვევდნენ - ორ საათზე მეტია ველოდებით უწყებისგან პასუხს. მათგან კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

XS
SM
MD
LG