Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაპროპორციული ძალა - როგორ აფასებენ ყოფილი ომბუდსმენები 7 მარტის აქციის დაშლას?


ნინო ლომჯარია, უჩა ნანუაშვილი, გიორგი ტუღუში
ნინო ლომჯარია, უჩა ნანუაშვილი, გიორგი ტუღუში

იყო თუ არა ის ძალა პროპორციული, რომელიც ხელისუფლებამ რუსთაველზე, პარლამენტის მიმდებარედ, 7-8 მარტის საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს დაუპირისპირა? პოლიცია, სპეციალური დანიშნულების რაზმები, წყლის ჭავლი, ე.წ. „წიწაკის სპრეი“, ცრემლმდენი გაზი - ხელისუფლება რამდენიმე საათის განმავლობაში, სწორედ ამ მეთოდების გამოყენებით ცდილობდა რუსთაველის გამზირიდან გაედევნა მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტის შენობის მიმდებარედ 7 მარტს დილიდან შეიკრიბნენ ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტების გასაპროტესტებლად.

მოგვიანებით კი, როდესაც საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო "ხალხის ძალის" წარმომადგენელთა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", საპროტესტო აქციამ გაცილებით ფართო მასშტაბი შეიძინა.

სხვა აქციებისგან განსხვავებით, 7 მარტის აქციაზე ჭარბობდნენ ადამიანები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მივიდნენ ოჯახებით, მცირეწლოვანი შვილებით, მშობლებით და რომლებიც ამბობდნენ, რომ აქციაზე მისვლის მთავარი მოტივი საქართველოს ევროპული კურსის, ევროინტეგრაციის მხარდაჭერა და იმ საფრთხის თავიდან აცილება იყო, რომლის წინაშეც ქვეყანა ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტმა დააყენა.

პარლამენტის მიმდებარედ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტის შენობის იმ გამოსასვლელთან გადაინაცვლა, საიდანაც როგორც წესი, დეპუტატები შენობას ავტომობილებით ტოვებენ ხოლმე. პარლამენტის შენობის გვერდით, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე სპეცდანიშნულების რაზმები საღამოს 9 საათის შემდეგ გამოჩნდნენ.

დემონსტრანტთა დაშლა მალევე დაიწყო და პროცესი რამდენიმე საათს გაგრძელდა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, სპეციალური დანიშნულების რაზმები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებდნენ დიდი რაოდენობით წყლის ჭავლს, ცრემლდმდენ გაზსა და ე.წ. "წიწაკის სპრეის". მათ შორის, იმ მოქალაქეების წინააღმდეგაც, რომლებიც მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

საპროტესტო აქციაზე სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ათობით დემონსტრანტმა. ჯანდაცვის უწყებები დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას, ამ დრომდე არ ავრცელებენ, თუმცა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იყვნენ მობილიზებულები რამდენიმე საათის განმავლობაში უწევდათ დაშავებული დემონსტრანტებისთვის დახმარების გაწევა. მათ შორის, აქციის მონაწილეებს აღენიშნებოდათ თვალების წვა, სუნთქვის გაძნელება, დამწვრობა სახის არეში.

ამ პროცესის პარალელურად, აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფმა, ჩიტაძის ქუჩაზე განლაგებული სპეცდანიშნულების რაზმის მიმართულებით რამდენიმე "მოლოტივის კოქტეილი" ისროლა. აქციის მონაწილეთა ასევე მცირე ჯგუფმა ჩაამტვრია პარლამენტის ფანჯრებიც.

„აქცია იყო მშვიდობიანი. მოქალაქეები მოსულები იყვნენ მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახებით“

უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი, ჭიჭინაძის ქუჩაზე იდგა, როდესაც მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმმა, ყოველგვარი გაფრთხილებისა და საბაბის გარეშე, სპეციალური საშუალებები გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

სხვა დემონსტრანტებთან ერთად, მასაც მოუწია ე.წ. „წიწაკის სპრეისა“ და ცრემლმდენი გაზის შესუნთქვა:

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

„აქცია იყო მშვიდობიანი. მოქალაქეები იქ მისულები იყვნენ მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახებით. პირველი დარბევა დაიწყო ჭიჭინაძის ქუჩასთან. გამოიყენებს ე.წ. „წიწაკის სპრეი“ და ცრემლმდენი გაზი, რომელშიც მეც მოვხვდი და საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა. თავდაპირველად, სპეციალური საშუალებები გაუფრთხილებლად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იყო გამოყენებული, რაც, რა თქმა უნდა, დარღვევაა. მით უმეტეს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან არ ჰქონდა ადგილი არანაირ ძალადობას“.

უჩა ნანუაშვილის თქმით, დემონსტრანტების მცირე ნაწილის გაღიზიანება და აგრესია გამოიწვია მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებამ:

„მართალია, მოგვიანებით, სამართალდამცავებმა გამაფრთხილებელი სიგნალის გამოყენება დაიწყეს, მაგრამ ის ძალა, რომელიც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა, იყო სრულიად არაპროპორციული. შეიძლება ითქვას, რომ ამან უფრო მეტად გააქეზა მომიტინგეები, რომ მათაც გარკვეული აგრესიით ეპასუხათ სამართალდამცავებისთვის. ამ რაოდენობით სპეციალური საშუალების გამოყენებამ და ამ რაოდენობის პოლიციელის და სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენამ, რა თქმა უნდა, შესაძლოა იქონიოს გამაღიზიანებელი ეფექტი მომიტინგეებზე და რა თქმა უნდა, არც ეს იყო გათვალისწინებული“.

ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში, რუსთაველის გამზირიდან ადევნებდა თვალს იქ განვითარებულ მოვლენებს, ამბობს, რომ სპეცდანიშნულების რაზმები იყენებდნენ მეთოდს, რომელიც მომიტინგეებისთვის განსაკუთრებით დამაზიანებელი და სახიფათო იყო:

„კადრებშიც ჩანს, რომ ისინი სპეციალურ საშუალებებს, ამ შემთხვევაში წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ საშუალებებს, ერთმანეთში ურევდნენ, რაც კიდევ უფრო ართულებდა მომიტინგეთა მდგომარეობას და ცალკე დარღვევაა. სპეციალური საშუალებების გამოყენებას აქვს თავისი წესი, თანმიმდევრობა, თუ რა სიტუაციაში და როგორ უნდა იყოს გამოყენებული ისინი. ჩვენ კი ვნახეთ, რომ ეს პრინციპი იყო დარღვეული“.

სახალხო დამცველი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მომიტინგეთა დაკავების ფაქტებზეც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცით, 7-8 მარტის აქციაზე სამართალდამცავებმა აქციის 66 მონაწილე დააკავეს:

„მათ შორის აკავებდნენ ადამიანებს, რომლებსაც არანაირ ექსცესსა და ძალადობაში არ მიუღიათ მონაწილეობა. გუშინდელი დღე საქართველოში იყო გავრილოვის ღამის გაგრძელება და გამეორება. მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს ყველას. ჩვენ ვნახეთ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენამდე, არავინ არაფერს არღვევდა. როგორც ჩანს, პოლიციას მისცეს დავალება, რომ დროულად გაეთავისუფლებინათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დემონსტრანტებისგან, რათა ის 76 დეპუტატი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, მშვიდად გამოეყვანათ“.

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ 7-8 მარტის აქციასთან დაკავშირებით, ახლადარჩეულმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, ჯერ ვერ გამოიყენა „ის არსენალი“, რომელიც მისი, როგორც სახალხო დამცველის მფლობელობაშია:

„მინიმუმ პოზიციის დაფიქსირებას მაინც არაფერი უდგას წინ“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

ლევან იოსელიანი რუსთაველის გამზირზე, 7 მარტს, გვიან ღამით მივიდა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, გამოიყენა თუ არა პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალა, რაზეც ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ პარლამენტთან ის სწორედ იმისთვის მივიდა, რომ შეეფასებინა, იყო თუ არა სამართალდამცავების მიერ გამოყენებული ძალა არაპროპორციული.

აქციის მონაწილეები ლევან იოსელიანს სთხოვდნენ, უფრო მკაფიოდ და კონკრეტულად შეეფასებინა რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები. თუმცა, მას შემდეგ, რაც ის კვლავ ზოგადი ფრაზით შემოიფარგლა, დემონსტრანტების ნაწილმა სახალხო დამცველს კვერცხები დაუშინა.

მოგვიანებით, ლევან იოსელიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებას ის საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს.

„ცალსახად არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული აქციის დასაშლელად“

ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი და ლევან იოსელიანის წინამორბედი, დარწმუნებულია, რომ სახალხო დამცველის აპარატი სწორ სამართლებრივ შეფასებას მისცემს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და იტყვის, თუ რამდენად პროპორციული იყო ის ძალა, რომელიც სამართალდამცავებმა 7-8 მარტს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს და წარმოადგენდა თუ არა ის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას.

რაც შეეხება მის პირად, როგორც ყოფილი სახალხო დამცველის შეფასებას, ნინო ლომჯარია თავად იყო აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ჯერ რუსთაველის გამზირიდან, მოგვიანებით კი უკვე სხვადასხვა მედიასაშუალების დახმარებით ადევნებდა თვალს აქციაზე მიმდინარე პროცესებს. ის ამბობს, რომ ძალა, რომელიც სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს, არ იყო პროპორციული.

ყოფილი სახალხო დამცველის თქმით, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფის გარკვეული ძალადობრივი ქმედება, სამართალდამცავებს არ აძლევს იმის საფუძველს, რომ დემონსტრაცია სრულად დაშალოს:

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

„იქ მყოფი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სრულიად მშვიდობიანად გამოხატავდა თავიანთ განწყობას. შესაბამისად, არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობდა, რომ ხელისუფლებას ძალის გამოყენებით, მთლიანად დაეშალა აქცია. როგორც თვითმხილველს, შემიძლია გითხრათ, რომ პარლამენტის წინ იყო სრული სიმშვიდე. გვერდითა ქუჩებზე იყო გარკვეული შეტაკებები, თუმცა, აქციის დანარჩენი ნაწილისთვის ეს ყველაფერი არც კი იყო კარგად ხილული. იყო მოწოდებები სიმშვიდისკენ. ძალადობრივი ესკალაციის განვითარების რისკი ნამდვილად არ იყო მაღალი და ჩემი შეფასებით, ცალსახად არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული აქციის დასაშლელად“.

გარდა ამისა, ნინო ლომჯარია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ შესასწავლია ინდივიდუალური შემთხვევებიც, როდესაც მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა სამართალდამცავების ძალადობრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

მისივე თქმით, შესასწავლია დემონსტრანტების დაკავების ფაქტებიც:

„რამდენიმე მოქალაქეს ველაპარაკე, რომლებმაც მითხრეს, რომ აღმოჩნდნენ სპეცდანიშნულების რაზმის სიახლოვეს და მათ სახეში შეასხეს ე.წ. „წიწაკის სპრეი“, რაც არის ძალის გადამეტება, რადგან როდესაც მოქალაქისგან, ქალისგან არ მოდის საფრთხე, რომელიც არ გამოირჩევა აგრესიით, მის წინააღმდეგ ასეთი ძალის გამოყენება არაპროპორციულია და ეს ფაქტები მოითხოვს შეფასებას. ამასთანავე, ძალიან პრობლემური იყო მოქალაქეთა დაკავებების ფაქტები. ყველამ ვნახეთ, როგორ მისდევდნენ აქციის მონაწილეებს და ისე აკავებდნენ მათ. სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ასევე ძალის გამოყენებას და ჩემი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან დაშავებულებიც, რასაც აუცილებლად უნდა მიეცეს შესაბამისი შეფასება“.

„შსს ცდილობდა ძალის დემონსტრირებას და აქციის მონაწილეების დაშინებას“

დემონსტრანტების დაკავებისას, ძალის სავარაუდო გადამეტების ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კიდევ ერთი ყოფილი სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში. როგორც ის ამბობს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულთა ნაწილს სამართალდამცავებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და რამდენიმე მათგანი საჭიროებს სამედიცინო დახმარებასაც:

გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

„მათ შორის, საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე არის ნაცემი, აღენიშნება დაზიანებები. აქ ცალსახად იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ჩვენ ვნახეთ პროვოკაციებიც სამართალდამცავების მხრიდან, როდესაც ასფალტზე მჯდომი დემონსტრანტი შეითრიეს ფარებს შიგნით“.

გიორგი ტუღუში თვლის, რომ 7-8 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული და დეტალურადაა შესასწავლი, რის საფუძველზე მოხდა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლა.

მისი თქმით, ცალსახაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეეცადა ერთი მხრივ, მოეხდინა ძალის დემონსტრირება, მეორე მხრივ კი დაეშინებინა აქციის მონაწილეები:

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად პროპორციული ძალა იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ, ცალსახად ჩანს, რომ ეს ძალა არ იყო პროპორციული. მეორე საკითხია, რამდენად ჰქონდათ სამართალდამცავებს ლეგიტიმური უფლება, რომ დემონსტრაცია დაეშალათ. რეალურად, ჩვენ ვნახეთ, რომ პირველ ეტაპზე, სპეცდანიშნულების რაზმებმა სცადეს გაეთავისუფლებინათ პარლამენტის შენობის გვერდითა ქუჩები და ამის შემდეგ უკვე ვნახეთ, რომ მათ დემონსტრანტებისგან გაწმინდეს რუსთაველის გამზირიც“.

რაც შეეხება სპეციალური საშუალებების გამოყენებას, ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ მართალია, ამჯერად, სამართალდამცავებს დემონსტრანტების წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები, თუმცა, ეს საშუალებები ჩაანაცვლეს დიდი ოდენობით ცრემლმდენი გაზითა და წყლის ჭავლით.

რადიო თავისუფლება შეეცადა, კიდევ ერთი ყოფილი სახალხო დამცველის, ამჟამად „ხალხის ძალის“ წევრისა და ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, სოზარ სუბარისგანაც მოესმინა შეფასება 7-8 მარტს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისა და დემონსტრანტების დაშლის მეთოდების თაობაზე, თუმცა, მისი კომენტარის ჩაწერა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცავზე თავდასხმა, ნივთის დაზიანება ან განადგურება - შსს-მ გამოძიება დაიწყო

7-8 მარტს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სამართალდამცავზე თავდასხმას და ასევე ნივთის დაზიანებასა ან განადგურებას.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა „დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილების" და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით.აქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები".

უწყების განმარტებით, დაშავდა პოლიციის 50-მდე თანამშრომელი.

7-8 მარტს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომლის სიტყვებითაც, აქციაზე, „რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცავებზე:

"თუ 2012 წლამდე "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით სამართალდამცავები ძალადობდნენ მომიტინგეებზე და სახალხო დამცველზე, გუშინ იმავე "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და სახალხო დამცველზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს ადამიანები არასოდეს შეიცვლიან საკუთარ ბუნებას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი - ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში".

7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო "ხალხის ძალის" წარმომადგენელთა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული. პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

რუსთაველის გამზირზე გრძელდება საპროტესტო აქცია, გზავნილით „არა რუსულ კანონს“.

XS
SM
MD
LG