საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციის დასაცავად მშვიდობიან აქციებში მიიღონ მონაწილეობა. მან პარლამენტის წინ აქციაზე თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დაუჭირა "რუსულ კანონს" პირველი მოსმენით მხარი.
"თქვენი მიღებულია ეს კონსტიტუცია, თქვენი გამოცხადებულია, თქვენ გეკუთვნით ეს კონსტიტუცია, სადაც თქვენ თქვით, რომ საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა, უნდა იყოს დემოკრატიული წეს-წყობილება. თქვით, რომ საქართველოში კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი. კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს ამას და გუშინ კონსტიტუცია დაარღვიეს საქართველოს პარლამენტში 76-მა დეპუტატმა თქვენი ნების წინააღმდეგ. არაკონსტიტუციურია, ხალხის ნების საწინააღმდეგოა ეს გადაწყვეტილება", - თქვა ლომჯარიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ეშინია სამოქალაქო პროტესტის და სწორედ ამის გამო იღებენ მსგავს კანონებს.
"გუშინ პირველი მოსმენით 76-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა უარს ევროინტეგრაციაზე. ეს იყო მხარდაჭერა რუსეთის სასარგებლოდ. ეს იყო "არა" ევროკავშირს და "კი" რუსული ტიპის მმართველობას... ევროპა ვართ ჩვენ, აქ არის ევროპა. გუშინ პარლამენტმა თავი მოგვჭრა, მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველო არ არის ევროპული სახელმწიფო. თავი მოგვჭრეს, შეგვარცხვინეს, მსოფლიოს უთხრა, რომ რუსული ყაიდის სახელმწიფო ვართ. რამდენი ხანიც დაგვჭირდება ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და კონსტიტუციის დასაცავად, იმდენი ხანი უნდა ვიდგეთ აქ მშვიდობიანად, პრინციპულად და თანმიმდევრულად. ამის ეშინია ხელისუფლებას. ეშინიათ სამოქალაქო პროტესტის და ამიტომ იღებენ ამ "რუსულ კანონს". როცა ეშინიათ, მაშინ იღებენ ასეთ კანონს", - თქვა ყოფილმა სახალხო დამცველმა.
გუშინ, 7 მარტს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი. ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები.
კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც.