რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კრემლში შეხვდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 17 წლის ვაჟს, ახმად კადიროვს. მათ ერთობლივ ფოტოებს ტელეგრამის არხზე რამზან კადიროვი აქვეყნებს.
როგორც იუწყებიან, რამზან კადიროვის უფროსმა შვილმა პუტინს მოახსენა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გატარებულ ახალგაზრდულ პოლიტიკაზე. ბავშვების და ახალგაზრდობის მოძრაობის რეგიონული განყოფილების თავმჯდომარის პოსტზე ახმად კადიროვი 16 წლის ასაკში დაინიშნა.
ჩეჩნეთის ლიდერის სიტყვებით, პუტინმა ახალგაზრდა ჩინოვნიკს მოუთხრო მისი ბაბუის, ახმატ კადიროვის შესახებ - პრორუსული რესპუბლიკის პირველი ხელმძღვანელისა, რომელიც 2004 წელს, გროზნოში აფეთქების შედეგად მოკლეს. რამზან კადიროვმა კრემლში ჩატარებულ შეხვედრას უწოდა "არაოფიციალური" და "ახლობლური".
რამზან კადიროვის თქმით, პუტინმა ახმად კადიროვს მოახლოებული ქორწილიც მიულოცა.
საიტი Кавказ.Реалии ბევრჯერ იუწყებოდა იმის შესახებ, რომ რესპუბლიკაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან რამზან კადიროვის შვილები და სხვა ნათესავები. საერთო ჯამში, რედაქციის ინფორმაციით, სახელმწიფო თანამდებობებს სხვადასხვა დროს რამზან კადიროვის 100-მდე ნათესავი იკავებდა.
მიმდინარე კვირაში ახმატ კადიროვის საქველმოქმედო ფონდმა გამოაცხადა, რომ 100 ათას რუბლს (1300-მდე ამერიკული დოლარი) გადაუხდის ჩეჩნეთში მცხოვრებ 100 წყვილს, რომელიც 4 მარტს დაქორწინდება - იმ დღეს, როცა ჩეჩნეთის ლიდერის უფროსი შვილის ქორწილია დანიშნული.
არასრულწლოვანი ახმად კადიროვის მეუღლის სახელს არ აკონკრეტებენ. სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ქორწილის გამო გროზნოში გადაკეტილია ქუჩები, მოქალაქეებს აუკრძალეს მიმდინარე პროცესების ფოტო და ვიდეოგადაღება.