Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იგერიებს უკრაინა მტერს კრიპტოვალუტის დახმარებით


ეს პირველი ომია, რომელშიც ორივე მხარეს კრიპტოვალუტით ეხმარებიან.
ეს პირველი ომია, რომელშიც ორივე მხარეს კრიპტოვალუტით ეხმარებიან.

ომის დაწყების დღიდან უკრაინას თითქმის 200 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა შესწირეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი უკრაინულ ჯარს მოხმარდა.

ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, ტყვია-წამალი, საბრძოლო დრონები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საბრძოლო აღჭურვილობისა, რომელიც უკრაინამ კრიპტოვალუტით შეიძინა.

გამოცემა The Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში ჩარიცხული კრიპტოს - ციფრული ვალუტის - მესამედზე მეტი ქვეყნის ხელისუფლებას ერგო. საქმე ისაა, რომ თებერვლის ბოლოს უკრაინის ხელისუფლებამ კრიპტოშემოწირულებების შეგროვება ოფიციალურად დაიწყო. შუა მარტში კი კრიპტობირჟებს ქვეყანაში მუშაობის უფლება დართო. შედეგად, უკრაინაში უცხოური და უკრაინული კრიპტობირჟები შემოვიდა, რამაც ქვეყანაში კრიპტოს მიმოცვლა გაამარტივა.

მარტშივე, შეიქმნა პროექტი Aid For Ukraine (დახმარება უკრაინას). ფონდი აკონვერტირებს 16 სხვადასხვა კრიპტოვალუტას უკრაინის ეროვნულ ვალუტაში, გრივნაში და ურიცხავს უკრაინის ეროვნულ ბანკს. ფონდი წერს, რომ ერთ წელიწადში 60 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვეს.

კრიპტოშემოწირულობებს იღებენ უკრაინული საქველმოქმედო ორგანიზაციებიც. ერთ-ერთია სერგეი პრიტულას საქველმოქმედო ფონდი. იგი 2014 წელს შეიქმნა და მუშაობდა ძირითადად შშმ პირებთან, ობლებსა და მოხუცებთან. თუმცა 2022 წლის თებერვლიდან უკრაინულ ჯარს და ბრძოლის ველზე მომუშავე მოხალისეებს ეხმარება.

“კრიპტოში გაკეთებული დიდი ჩარიცხვების წყალობით, შევძელით უცხოეთიდან აღჭურვილობა დიდი პარტიებით გვეყიდა. ეს აჩქარებდა და ამარტივებდა საქმეს” - უთხრა “ქარენთ თაიმს” ფონდის დირექტორმა, ანა გვოზდიარმა.

ორგანიზაცია ძირითადად ყიდულობს დრონებს, სამედიცინო აღჭურვილობასა და მანქანებს. ამაზე სულ 4 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა დახარჯეს, ჯამში კი - 109 მილიონი დოლარი. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შემოწირულებები უცხოეთიდანაც მოდის, თუმცა ძირითადად მაინც უკრაინიდან.

კრიპტოგამომძალველები?

კრიტოს ურიცხავენ რუსულ ჯარსაც. თუმცა გამოცემა The Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთმა ბოლო ერთ წელიწადში მხოლოდ 5 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა დააგროვა. ამ თანხის ნახევარზე მეტი შეიარაღებულმა ძალებმა მიიღო.

რუსული არმიის კრიპტოვალუტით მომარაგება ყველაზე კარგად გამოსდის “საზოგადოებრივ ორგანიზაცია ვეჩეს”, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონში, დონბასში მუშაობს. The Financial Times-ი წერს, რომ მათ დაახლოებით 1.8 მილიონი დოლარის კრიპტო მოაგროვეს.

"რუსიჩის" ემბლემა
"რუსიჩის" ემბლემა

მაგრამ პუტინის ომში ციფრული ფული სხვა წყაროებითაც ჩაედინება. გამოცემის ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე კერძო სამხედრო დაჯგუფება “რუსიჩი” ბიტკოინებს სძალავს ომში დაღუპულთა ოჯახებს. ბიტკოინის სანაცვლოდ, მათ ჰპირდებიან, რომ გაუმხელენ, სად ასვენია ცხედარი. რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო ამ ბრალდების გადამოწმება.

რუხ ზონაში

უკრაინის ომი პირველია, რომელშიც ორივე მხარეს კრიპტოვალუტით ეხმარებიან. კრიპტოს ბევრი გამოყენება აქვს, მხოლოდ ქაღალდის ფულზე გადაცვლა არა. ეკონომისტები მის პოტენციალზე ბოლომდე ვერ თანხმდებიან.

ბევრი სხვა ციფრული სიახლის მსგავსად, სასწორის ერთ პინაზე თავისუფლება და სიმარტივეა, მეორეზე კი - საფრთხე. მისი ანონიმურობის წყალობით, კრიპტოვალუტას ფარული ანგარიშსწორებისთვის ტერორისტები და ადამიანებით მოვაჭრეები იყენებენ.

უკრაინისგან განსხვავებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, კრიპტოინდუსტრია ჯერაც ე.წ. რუხ ზონაშია, ანუ კანონი მას არ არეგულირებს, მაგრამ არც კრძალავს.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG