რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს ზაზა ბურჭულაძის უკანასკნელი წიგნის, ოცდამეერთე საუკუნის შედევრის, „ვარდის სურნელის“ შესახებ. წიგნი შარშან გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. ვიზიონური წიგნი, რომელმაც ბავშვების ჟლეტა და საზარელი ომი იწინასწარმეტყველა, ორმოცდაათი წლის მწერლის opus magnum, მთავარი წიგნია. იგი იწყება ფრაზით: „ბავშვების ჟლეტა სისასტიკეა, მაგრამ რამე ხომ უნდა ვუქნათ მათ!“ და წიგნის სამების წარმოდგენით: ზაზა-მარიკა-სტელა, სიტყვების თამაშში დრო-სარკე-ფოკუსი. ზაზას ფიქრები, რომელსაც გადაცემაში ცრუ ცნობიერების ნაკადს ვუწოდებთ (როგორც ფეხბურთშია „ცრუ ათიანი“) ნამდვილად დროს იკვლევს, მარიკა სარკეა, ან როგორც სხვა ადგილასაა ნათქვამი, პირდაპირი ეთერი, ხოლო სტელა მოდალობა, როგორობა ანუ ფოკუსი, მას შეგვიძლია ვაჩუქოთ მისი მეგობრის, ზოი პოდესვას მშობლის, მილო პოდესვას შემოქმედება, რომანი რომანში...