Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმენებმა დაგმეს რუსეთის დელეგაციისთვის ავსტრიის ვიზების მიცემა ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად


ეუთოს შტაბ-ბინა ვენაში
ეუთოს შტაბ-ბინა ვენაში

ორმა მაღალი რანგის ამერიკელმა კანონმდებელმა განაცხადა, რომ ავსტრიამ შეცდომა დაუშვა, როცა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შეხვედრაზე დასასწრებად ვიზები გასცა რუსეთის დელეგაციას, რომლის ყველა წევრი ევროკავშირის სანქციების სიაშია უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. მაგრამ 57-წევრიანი ორგანიზაციის მხრიდან მასობრივი ბოიკოტი მოსალოდნელი არ არის.

ავსტრიამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ რუსეთის 18 პარლამენტარს ვიზებს აძლევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობის მისაღებად. სესია ემთხვევა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდერ შალენბერგის თქმით, მისი ქვეყანა დიპლომატიური პროტოკოლის მიხედვით ვალდებულია, წევრებს სესიაზე დასწრების საშუალება მისცეს. ამ განცხადებამ ეუთოს მრავალი წევრის რისხვა გამოიწვია.

უკრაინამ და ლიეტუვამ განაცხადეს, რომ შეხვედრას ბოიკოტს გამოუცხადებენ. ეუთოს წევრი ქვეყნების დაახლოებით ნახევარმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, მოუწოდა ავსტრიას, არ მისცეს ვიზები რუს კანონმდებლებს, ზოგიერთი კი დაიმუქრა, რომ არ დაესწრება შეხვედრას.

„არ მგონია, რომ ეს [ვიზების გაცემა] უნდა მომხდარიყო,“ განუცხადა რადიო თავისუფლებას სტივ კოენმა, აშშ-ის დემოკრატმა კონგრესმენმა და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელობის წევრმა.

კოენის თქმით, გასაგებია ვიზების გაცემის სასარგებლოდ ავსტრიის არგუმენტები, მაგრამ „მიუხედავად ამისა, რუსეთმა დაარღვია ყოველი ნაწილი იმ მიზეზებისა, რის გამოც საერთოდ იმართება ეს შეხვედრა. და ვფიქრობ, რომ როცა ქვეყანა ასე შორს მიდის, შესაძლოა მას უფლება აღარ მიეცეს,“ თქვა მან.

კიდევ ერთმა ამერიკელმა კანონმდებელმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომელიც სათავეში უდგას ვაშინგტონის ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელობას, თქვა, რომ რუსეთისთვის შეხვედრაზე დასწრების უფლების მიცემა „მსოფლიოს არასწორ სიგნალს უგზავნის“.

თუკი რუსეთის დელეგაცია მიმდინარე კვირაში მართლაც ჩავა ავსტრიის დედაქალაქში, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა სახელმწიფო დუმის წარმომადგენლები ოფიციალური სტატუსით შევლენ ევროპის კავშირში მას შემდეგ, რაც მათ სანქციები დაუწესდათ უკრაინაში ომის მხარდაჭერისთვის. კერძოდ, იმისთვის, რომ მათ ხმა მისცეს უკრაინის ოთხი რეგიონის - დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების - ხელში ჩაგდებას.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ორჯერ შეიკრიბა: ივლისში ინგლისის ქალაქ ბირმინგემში და ნოემბერში - პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში. რუსეთის დელეგაციას ორივეჯერ უარი უთხრეს ვიზებზე.

ჰელსინკის კომისიამ აღნიშნა, რომ აშშ-მა და ევროპის კავშირმა სანქციები დაუწესეს „რუსეთის დელეგაციის ყოველ ცალკეულ წევრს იმისთვის, რომ მან ღიად დაუჭირა მხარი ვლადიმირ პუტინის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და მის განცხადებას უკრაინის მსხვილი ტერიტორიების ანექსიის თაობაზე“.

ეუთო ცდილობს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბოლომდე არ გაწყვიტოს მოსკოვთან კავშირები.

მას შემდეგ, რაც მარტში რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხეს, ეუთო ერთადერთი მსხვილი საერთოევროპული პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის წევრიც რჩება მოსკოვი.

XS
SM
MD
LG