Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გაამართლეს კრემლმა და რუსულმა საინფორმაციო მანქანამ ომი უკრაინაში


პროპაგანდისტული ბანერი ხერსონში - "მომავალში რუსეთთან ერთად"
პროპაგანდისტული ბანერი ხერსონში - "მომავალში რუსეთთან ერთად"

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია DFRLab აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც აანალიზებს საომარი მოქმედებების დაწყებამდე და ომის დროს რუსეთის მიერ ტრადიციულ და სოციალურ მედიაში გავრცელებულ ნარატივებს.

კვლევა ადასტურებს, რომ კრემლისთვის ინფორმაცია იარაღია, რომელსაც ის, ერთი მხრივ, უკრაინის დემორალიზაციისა და დადანაშაულებისთვის იყენებს, მეორე მხრივ, დეფორმირებული რეალობა რუსეთში სტაბილურობის შესანარჩუნებლად სჭირდება.

მკვლევრებმა 2014-2022 წლების ათასობით სტატიის ანალიზისა და სოციალური მედიის შესწავლის შედეგად იპოვეს მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ ემზადებოდა რუსეთი ამ ომისთვის და როგორ ცდილობდა ომის დროს ჩადენილი დანაშაულების დაფარვას.

2021 წლის 16 თებერვლიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე პროკრემლისტური მედიის ათასობით მასალის ანალიზით დადგინდა, რომ ამ პერიოდში რუსეთის ხელისუფლება 5 ძირითად გზავნილს ავრცელებდა.

  • უკრაინა აგრესორი ქვეყანაა
  • რეგიონში დაძაბულობას დასავლეთი აღვივებს
  • უკრაინა დასავლეთის მარიონეტია
  • რუსეთს აქვს მორალური ვალდებულება დაიცვას რეგიონის უსაფრთხოება
  • რუსეთის მიზანი მშვიდობის დამყარებაა

2014 წლიდან რუსეთი ცდილობს ასევე შემდეგი სტერეოტიპებისა და მითების განმტკიცებას:

  • უკრაინელები ნაცისტები არიან
  • უკრაინული ჯარი და მოხალისეთა გაერთიანებები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან
  • უკრაინაში რუსოფობიაა
  • ევრომაიდანი გარედან მართული პროცესის ნაწილი იყო
  • ევრომაიდნის შემდეგ უკრაინაში არჩეული ხელისუფლება არალეგიტიმურია
  • უკრაინის ლიდერები არაკომპეტენტურები არიან
  • უკრაინა ტერორისტების მოკავშირეა
  • უკრაინის სწრაფვა ევროპისკენ განწირულია წარუმატებლობისთვის
  • უკრაინა ნამდვილი ქვეყანა არ არის
  • ყირიმის ანექსია რუსეთის მხრიდან ლეგიტიმური იყო
  • რუსეთი აგრესორი არ არის
  • ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო დე ფაქტო მონაწილეობენ უკრაინის ომში
  • უკრაინის ხელისუფლება კორუმპირებულია
  • უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ორგანოებით ვაჭრობენ
  • დასავლეთი ქმნის ბიოლოგიურ იარაღს უკრაინაში
  • დასავლეთი იყენებს უკრაინას

დოკუმენტში გამოყოფილია 7 საყურადღებო თარიღი, რომელიც უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას უძღოდა წინ.

  • 2021 წლის 17 დეკემბერი: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. პუტინმა გარანტიების აუცილებლობა იმით ახსნა, რომ, მისი აზრით, დასავლეთი აიარაღებს უკრაინას, რაც რუსეთისთვის მიუღებელი და საფრთხის შემცველია;
  • 2022 წლის 17 თებერვალი: რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლებაში საბავშვო ბაღის საარტილერიო იარაღით დაბომბვაში. უკრაინის პრეზიდენტმა ბაღზე თავდასხმას, რომლის დროსაც სამი თანამშრომელი დაშავდა, პროვოკაცია უწოდა;
  • 2022 წლის 18 თებერვალი: დონეცკის ოლქში სეპარატისტული რეჟიმი ამტკიცებს, რომ მათ მოკლეს უკრაინული არმიის დივერსიული ჯგუფის ორი წევრი, რომლებიც ქლორიანი ცისტერნების აფეთქებას აპირებდნენ ქალაქ ჰორლივკასთან. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ დივერსანტები პოლონურად ლაპარაკობდნენ;
  • 2022 წლის 18 თებერვალი: დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერები ამბობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი სულ მალე გასცემს ბრძანებას მათზე სამხედრო იერიშის მისატანად და იწყებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას უკრაინის აგრესიისგან დასაცავად;
  • 2022 წლის 19 თებერვალი: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს გადაიხედოს 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის პირობები. ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, ეუთოს კონფერენციაზე მას შემდეგ გაფორმდა, რაც უკრაინამ უარი თქვა ბირთვული იარაღის ფლობაზე. მემორანდუმით ბირთვულმა ქვეყნებმა - აშშ-მა, ბრიტანეთმა და რუსეთმა პოლიტიკური ვალდებულება აიღეს, რომ იქნებოდნენ უკრაინის სუვერენიტეტის გარანტები;
  • 2022 წლის 21 თებერვალი: რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონები, რომლებსაც 2014 წლიდან ჰქონდათ პრეტენზია „დამოუკიდებლობაზე“.
  • 2022 წლის 23 თებერვალი: დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონები პუტინს სთხოვენ დახმარებას უკრაინის აგრესიისგან დასაცავად.

ანგარიში ცხადს ხდის, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგეგმილი იყო და მოსკოვი უშუალოდ თავდასხმამდე თვეებით ადრე ემზადებოდა ამ ნაბიჯისთვის არა მხოლოდ სამხედროების და იარაღის მობილიზაციით უკრაინის საზღვრებთან, შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებითაც.

ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში კრემლმა გამოაქვეყნა ესე იმის შესახებ, რომ უკრაინა და რუსეთი ისტორიულად ერთი ერი იყო. 6900-სიტყვიან ტექსტში შევიდა ფრაგმენტები პუტინის გამოსვლებიდან იმის შესახებ, რომ სლავი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდა და რომ უკრაინა არა სუვერენული სახელმწიფო, არამედ რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო რუსებთან საერთო კულტურითა და ენით. ამ დროისთვის ანექსირებულ ყირიმში უკვე გაზრდილი იყო რუსული სამხედრო ძალა.

2021 წლის ივლისსა და აგვისტოში, რუსული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოჩნდა ბელარუსის საზღვართანაც, რაც სექტემბერში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნებით აიხსნებოდა.

DFRLab-ის სატელიტური ანალიზი აჩვენებს, რომ ბელარუსში ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.
DFRLab-ის სატელიტური ანალიზი აჩვენებს, რომ ბელარუსში ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.

უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალის მობილიზაციის პარალელურად, კრემლის მიერ მართულ მედიებში ჩნდებოდა ცნობები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელების მიერ ჩადენილი დანაშაულებებზე. ეს ამბები ამზადებდა ნიადაგს იმისთვის, რომ შექმნილიყო საზოგადოებრივი აზრი - რუსებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაცვა სჭირდებოდათ.

კრემლის გზავნილების ადრესატი ძირითადად რუსეთის მოქალაქეები და რუსული დიასპორაა. პროპაგანდა გზავნილებისთვის სახელმწიფო არხების პარალელურად იყენებს სოციალურ მედიასაც. კრემლის ნარატივის ეფექტურად გავრცელებას ხელს უწყობს რუსეთში დამოუკიდებელი მედიისთვის დაწესებული მკაცრი შეზღუდვები, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მათ სრულფასოვან მუშაობას, მოსახლეობას კი უფრო და უფრო ნაკლებად მიუწვდება ხელი კრემლის ალტერნატიულ ინფორმაციაზე.

კრემლის მიერ გაფილტრული ინფორმაციის გასავრცელებლად იქმნება საერთაშორისო პლატფორმების რუსული ანალოგიები:

  • ფაქტების გადამოწმებისთვის ფუნქციონირებს ექვსენოვანი პლატფორმა WarOnFakes.com, რომელსაც ინფორმაციის გავრცელებაში ეხმარება TELEGRAM-ის არხი 750 000 მომხმარებლით.
  • შეიქმნა RUTUBE - YOUTUBE-ს ალტერნატივად;
  • Runiversalis-ი WIKIPEDIA-ს საპირწონედ და იმ პირობით, რომ აქ შეუძლებელი იქნება LGBTQ+ თემების “პროპაგანდა”.
  • დაგეგმილია INSTAGRAM-ის ჩანაცვლებაც Rossgram-ით;
  • რუსული საძიებო სისტემა Yandex-ი ეფექტურად ფილტრავს ინფორმაციას და ძებნის შედეგში ტოვებას იმას, რაც კრემლს მოწონება.

ომის პარალელურად ინფორმაციის კონტროლს ამარტივებს ისიც, რომ რუსეთში ომს არა ომი, არამედ “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” ჰქვია.

“ეს სამხედრო კონფლიქტთან ერთად იდეოლოგიური კონფლიქტიცაა, სადაც ინფორმაცია ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ამ ომში რუსეთი იარაღად იყენებს ცრუ და შეცდომაში შემყვან ნარატივებს, მისინფორმაციას, პროპაგანდას და კიბერთავდასხმებს”, - წერენ ანგარიშის ავტორები.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის მკვლევრებმა შეისწავლეს ისიც, თუ როგორ ვრცელდება რუსული ნარატივები უკრაინისა და რუსეთის მიღმა.

მაგალითად, პოლონეთში პრორუსული ანგარიშები ავრცელებდნენ ამბებს, სადაც უკრაინელი დევნილები კრიმინალებად არიან წარმოჩენილები. საფრანგეთში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება ხელში ჩაუვარდათ რუსებს. ანგარიშში ვხვდებით საქართველოსაც, რომელიც აქ ხსენებული ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პროკრემლისტურ გზავნილებს არა გარე აქტორები, არამედ თავად ხელისუფლება ავრცელებს. აქ ნათქვამია, რომ საქართველო, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ხელისუფლების მიერ იმართება და განხილულია ის განცხადებები, რომლებიც “ქართული ოცნების” წევრებმა გასული ერთი წლის განმავლობაში გააკეთეს.

“ურთიერთობა თბილისსა და კიევს შორის 2022 წლის თებერვლის შემდეგ უფრო და უფრო იძაბებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, რომელიც სიმპათიას გამოხატავდა რუსეთის მიმართ. ომის საწყის ეტაპზე პრემიერმა ღარიბაშვილმა უკრაინა დაადანაშაულა ომის დაწყებაში და თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. შემდეგ “ქართული ოცნების” წევრებმა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ. 30 ივლისს, ელჩმა დეგნანმა თქვა, რომ საუბარი საქართველოს ომში ჩართვის მცდელობების შესახებ რუსული ეფ-ეს-ბეს სახელმძღვანელოდან იყო გადმოტანილი”, - წერენ ანგარიშის ავტორები საქართველოზე და აზუსტებენ, რომ პრორუსულმა გზავნილებმა იმატა მას შემდეგ, რაც საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

XS
SM
MD
LG