Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვივამედი" სააკაშვილზე: სრული შეუგუებლობა აქვს იმ პირობებისადმი, სადაც არის


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში"
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში"

კლინიკა "ვივამედის" ექიმები, სადაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური დაწესებულებიდან 9 თვის წინ გადაიყვანეს, აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მადის დაქვეითება გამოწვეულია ფსიქო-ემოციური მდგომარეობით. ექიმების თქმით, გამორიცხულია ის ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია მადის დაქვეითება.

"ეს განპირობებულია მისი ფსიქო-ემოციური ფონიდან გამომდინარე. პაციენტს აქვს, ამას უნდა გაესვას ხაზი, სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რა პირობებშიც ის იმყოფება. ამას პაციენტი თვითონაც ამბობს, რომ შეასრულებს რეკომენდაციებს, როცა შეიცვლება გარემოება", - თქვა კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.

სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის 9-თვენახევრიან პერიოდზე ისაუბრა "ვივამედის" ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგმა, სოფო მებუკემ. მისი თქმით, პაციენტი ყოველდღიურად იღებს საჭიროზე რამდენჯერმე ნაკლები კალორიების შემცველ საკვებს - სჭირდება მინიმუმ 1700 კალორია, თუმცა იღებს 300-400-ს.

"არსებობს გარკვეული ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, რომელიც ხასიათდება მადის დაქვეითებით, თუმცა შესაბამისი მაღალტექნოლოგიური კვლევით ყოველგვარი ასეთი მადის დაქვეითების მიზეზი გამოირიცხა. რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტის სუბიექტური, ფსიქო-ემოციურ ფონზე განვითარებული მადის დაქვეითებული ფენომენია, რომელიც განპირობებულია, როგორც თავადაც აღნიშნავს, თავისუფლების იძულებითი აღკვეთით..." - თქვა სოფო მებუკემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

XS
SM
MD
LG