სოციალურ ქსელში, მეგობრების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოხალისედ წასული დანიელი, სამაშველო ოპერაციისას, ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დანიელ ბულკაშვილის გარდაცვალების ფაქტს, ამ ეტაპზე, ვერ ადასტურებს.
როგორც უწყებაში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, ამ დროისთვის, თურქეთში საქართველოს საელჩოში აღნიშნული ფაქტის შესახებ არც თურქეთის ოფიციალური უწყებებიდან და არც საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრების მხრიდან შეტყობინება არ შესულა:
„საელჩო აგრძელებს თურქეთის შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის მოძიების პროცესს“, - გვეუბნებიან საგარეო საქმეთა სამინისტროში.
დანიელ ბულკაშვილის დაღუპვის შესახებ ცნობები სოციალურ ქსელში 21 თებერვალს გავრცელდა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა დანიელ ბულკაშვილის მეგობარს, ნინო თამაზაშვილს. როგორც ის გვეუბნება, დანიელი თურქეთში 7 თებერვალს ჩავიდა. სამაშველო ოპერაციაში ჩართვის გადაწყვეტილება მან თავად მიიღო.
„დანიელის შვილი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. წასვლის წინ დანიელმა მითხრა, შვილი იქით მყავს, გული არ მაძლევს უფლებას, რომ არ წავიდე, ვხედავ, რა ხდება, როგორ უჭირთ და უნდა წავიდე დასახმარებლადო. ვთხოვე, კარგად დაფიქრებულიყო, რადგან სამაშველო ოპერაციებში ჩართვას ალბათ სხვა გამოცდილებაც სჭირდებოდა, მაგრამ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა“.
ნინო თამაზაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი ქალაქი, სადაც დანიელი სამაშველო ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, ადანა იყო:
„მომწერა, რომ ადანაში იყო. თუმცა, როგორც ვიცი, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადასვლა. ბოლო 10 დღის განმავლობაში მასთან კომუნიკაცია აღარ მქონია. ვწერდი და არ მპასუხობდა. ქსელშიც არ იყო შემოსული. სიმართლე გითხრათ, არ მინერვიულია, რადგან ბოლოს თავად მომწერა, აქ ინტერნეტი ცუდად იჭერს და თუ არ გამოვჩნდი არ ინერვიულოთო. მეგობრებმა კი მითხრეს, ხომ არ მოვძებნოთო, მაგრამ როგორ უნდა მოგვეძებნა, ისიც არ ვიცოდით“.
ნინოს დანიელის შესაძლო დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 21 თებერვალს მათი საერთო მეგობრისგან შეიტყო:
„დამირეკეს, დანიელი დაღუპულაო. ეს ინფორმაცია ასე სოციალურ ქსელში გავრცელდა. სხვადასხვა გვერდმა დადო ინფორმაცია. შემდეგ მისმა მეგობრებმაც გაავრცელეს ცნობა. არ ვიცი, იქნებ ცოცხალია, იქნებ სადმე ნანგრევებშია და მიშველება სჭირდება. სანამ დანიელის ცხედარს არ ვნახავ, არ მგონია, რომ ის მკვდარია“.
როგორც ნინო თამაზაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, დანიელ ბულკაშვილი იბრძოდა უკრაინაშიც:
„ომი რომ დაიწყო, მალევე წავიდა. თუმცა, ზაფხულში, შვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იძულებული გახდა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო“.
დანიელ ბულკაშვილი რუსთავიდანაა, თუმცა, ბოლო პერიოდში ბათუმში ცხოვრობდა და მუშაობდა:
„რუსთავში ჰყავს დედა და ძმა. თვითონ ბათუმში აქვს ბინა დაქირავებული. არის ანტისაოკუპაციო სახალხო პარტია „სამშობლოს“ წევრი. აქტიურად იღებდა მონაწილეობას ყველა იმ ანტისაოკუპაციო აქციაში, რომელიც ბათუმში იმართებოდა“.
რადიო თავისუფლება რუსთავში დაუკავშირდა მის ძმასაც. თუმცა, ის ძმის შესაძლო დაღუპვის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
6 თებერვალს, თურქეთში სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან ოფიციალურად გაეშურა სამაშველო ჯგუფი.
პირველ ეტაპზე, თურქეთში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვო საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიწისძვრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმართულებით გადამზადებული 60 მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობითა და ტექნიკით.
14 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 85 მეხანძრე-მაშველი, როტაციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში გაემგზავრა. მათ ის მეხანძრე-მაშველები ჩაანაცვლეს, რომლებიც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში 6 თებერვლიდან მონაწილეობენ.
რაც შეეხება მოხალისეებად წასულ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს არ აქვს.
6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში, ბოლო მონაცემებით, 45 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, საქართველოს 5 მოქალაქე. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო.
განმეორებითი მიწისძვრა მოხდა თურქეთში, ჰათაის პროვინციაში 20 თებერვალსაც. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა და სამ წუთში მოჰყვა მეორე - 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა.