"კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი" (CRRC-საქართველო) ახალ კვლევას "საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში" აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთ მთავარ მიგნებად აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს, თუნდაც ამან რუსეთის მხრიდან აგრესიის რისკები გაზარდოს. კვლევა დღეს, 21 თებერვალს გამოქვეყნდა.
შედარებისთვის, კვლევის ავტორები უთითებენ, რომ დასავლურ მისწრაფებებს უმეტესად ახალგაზრდები, ქალაქების მოსახლეობა, უმაღლესი განათლების მქონე პირები და ოპოზიციის მხარდამჭერები უჭერენ მხარს, ვიდრე სხვა ჯგუფები.
მოსახლეობის საგარეო ორიენტაციის გამოსაკვლევად, გამოკითხულთა უმრავლესობამ (54%) საქართველოსთვის სასარგებლოდ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია დაასახელა. ავტორები შენიშნავენ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები, ახალგაზრდები (18-34 წლის), დედაქალაქისა და სხვა ქალაქების მოსახლეობა და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავენ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა მათ ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს და არ სჯერა, რომ ამის გამო ისინი ეროვნულ იდენტობას დაკარგავენ.
საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 22% ეთანხმება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში ეროვნულ იდენტობას დაკარგავს, ხოლო 73% თანხმდება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის პასუხების მიხედვით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები (27%), ოპოზიციასთან (20%) და პარტიებისადმი მიუმხრობლებთან (20%) შედარებით, უფრო მეტად ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ "თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ის ეროვნულ იდენტობას დაკარგავს".
კვლევისთვის მონაცემები CRRC-საქართველომ 2022 წლის აგვისტოსა და სექტემბერში შეაგროვა. გამოკითხვის ფარგლებში სულ 1 523 ინტერვიუ ჩატარდა საქართველოს ზრდასრულ (18+) მოსახლეობასთან. კვლევის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED).