თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა მოქალაქე ქეთა გაბიანი. მის საქმეზე, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის შესახებ „ფეისბუკზე" გამოქვეყნებული პოსტის გამო, გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობდა.
სასამართლოს განაჩენის შესახებ ცნობას თეა წულუკიანი „ფეისბუკის" პირად გვერდზე აქვეყნებს. „ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა, რომელიც ავტორმა მოგვიანებით წაშალა.
მოცემული არსება, ვინმე ქეთევან გაბიანი (აწ უკვე ხაბიანი), რომელიც სასამართლო დარბაზში ვნახე პირველად, დღეს გამოცხადებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად: ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის [მუქარის] პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა - ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი.
ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია!" - წერს წულუკიანი და მის შესახებ გაბიანის პოსტს აქვეყნებს.
გაბიანის „ფეისბუკის" გვერდზე აღნიშნული პოსტი ამჟამად არ იძებნება. როგორც მან განმარტა, გამოხატვის ეს ფორმა მისთვის მიუღებელი იყო და ამიტომ პოსტი წაშალა.
„[პოსტი] აღქმული იყო როგორც მუქარა და ასეთი ფორმა მიიღო. ვუთხარი თვითონ ქალბატონ თეასაც, ასეთი ფორმით, რაც არ უნდა არ ეთანხმებოდე ადამიანს და რაც არ უნდა მიუღებელი უნდა იყოს პოლიტიკური პოზიცია და საზოგადოებრივი, ასეთი ფორმით მიმართვა ჩემთვისაც უსიამოვნო იყო ჩემი მხრიდან, ამიტომ წავშალე“, – ამბობდა ქეთა გაბიანი.