Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულენოვან ტურისტებთან დაპირისპირების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა


მცხეთის რაიონული სასამართლო. ცოტნე ჯაფარიძე სასამართლო პროცესზე.
მცხეთის რაიონული სასამართლო. ცოტნე ჯაფარიძე სასამართლო პროცესზე.

სამოქალაქო აქტივისტი ცოტნე ჯაფარიძის საქმეზე, დღეს, 15 თებერვალს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი გაიმართა. საქმე ეხება გუდაურში 9 თებერვალს მომხდარ ინციდენტს, რომლის შემდეგაც ჯაფარიძე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს. მოგვიანებით, მისი გათავისუფლების შემდეგ, სასამართლო პროცესი დაინიშნა.

ცოტნე ჯაფარიძე ჰყვება, რომ მას გუდაურში რუსებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „მიზეზი იყო ოკუპანტი, რუსები, რომლებმაც სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. ამის შემდეგ მოხდა ჩემი დაკავება, იმიტომ, რომ პოლიციასთან საუბრის დროს ვცდილობდი ამ ყველაფრის დამტკიცებას და ახსნას, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა რუსების აქ შემოსვლით, იმით, რომ მათ დისკომფორტს არ ვუქმნით და ყველაფერს ვუტარებთ. სამწუხაროდ, პოლიციელების დიდი ნაწილის პოზიცია ის იყო, რომ ყველა რუსი, რუსი არ არის, ყველა ოკუპანტი, არ არის ოკუპანტი, ეს კურორტია, ხალხი ჩამოდის დასასვენებლად და დებოშის მოწყობა, არ შეიძლება".

სასამართლო პროცესზე იმ პოლიციელებმა მისცეს ჩვენება, რომლების ინციდენტის დროს გუდაურში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ვერ შეძლეს რუსულად მოსაუბრე პირებთან გასაუბრება. „ჩვენი მხრიდან ადგილზე ვერ მოხერხდა იმ პირებთან გასაუბრება, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ", - თქვა მან.

ცოტნე ჯაფარიძის ადვოკატი გიორგი ტაბატაძე აცხადებს: „პოლიციელებმა არ გამოიკვლიეს საქმე სრულად და არც კი დაკითხეს რუსები, მათი ვინაობაც კი არ დაადგინეს. რეალურად ეს არის ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ იგინებოდნენ, მათ შორის, პოლიციის თანდასწრებით. ისინი სამართალდარღვევას სჩადიოდნენ უშუალოდ პოლიციის თანდასწრებით".

ცოტნე ჯაფარიძის სასამართლო პროცესი 1 მარტს გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG