Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: რუსეთმა ლუგანსკში დაიწყო ახალი მასშტაბური შეტევა


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის ტანკები ლუგანსკის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის ტანკები ლუგანსკის ოლქში

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, რუსეთმა ინიციატივა დაიბრუნა უკრაინის ლუგანსკის ოლქში და მორიგი მასშტაბური შეტევა დაიწყო. ამერიკელი ექსპერტების შეფასება ეფუძნება ღია წყაროებით გავრცელებული ცნობების ანალიზს.

კერძოდ, რუსული ძალების შეტევა მიმდინარეობს ლუგანსკის და ხარკოვის ოლქების საზღვართან მდებარე სვატოვო-კრემენნაიას მონაკვეთზე, სადაც მათი აქტივობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იმატებდა. ოპერაციაში ჩართულია რუსეთის არმიის სულ მცირე სამი დივიზია.

ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რუს სამხედროებს გარკვეული წარმატება აქვთ სვატოვოდან ჩრდილო-დასავლეთით. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგეს ჯერჯერობით არ აძლევენ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევის შესაძლებლობას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე და ამ მიზნით, ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვთ შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, სადაც აქტიურად იყენებენ ავიაციასაც.

უკრაინის გენშტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 2, დონეცკის ოლქის 16 და ზაპოროჟიეს ოლქის 1 დასახლებული პუნქტის რაიონში.

XS
SM
MD
LG