Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე


მიწისძვრის შედეგები თურქეთში. 7 თებერვალი, 2023 წელი
მიწისძვრის შედეგები თურქეთში. 7 თებერვალი, 2023 წელი

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა - მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 3-მდე გაიზარდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი პირი, რომელიც დღეს იპოვეს, ორმაგი მოქალაქეობის მქონეა.

"სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან ხორციელდება შესაბამისი პროცედურები", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 8574-ს მიაღწია. 49 133 ადამიანი დაშავდა. დანგრეულია 6 444 სახლი.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ყველა დაზარალებული ოჯახი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს და მთავრობის გეგმაა, რომ ერთი წლის განმავლობაში ისინი ახალი ბინებით უზრუნველყოს.

მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც დაღუპულია სულ მცირე 2530 ადამიანი.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

XS
SM
MD
LG