თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 3 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში. როგორც რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თქვა, თურქეთი აღმოჩნდა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის და მთლიანად მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სტიქიური უბედურების წინაშე.
7 თებერვლის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 3549 ადამიანი. დაშავდა - 22 168.
პრეზიდენტ ერდოანის განცხადებით, სტიქიური უბედურების ზონაში აუცილებელი სამუშაოებისთვის მობილიზებულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურის პერსონალი და ტექნიკა და 25 000-ზე მეტი თურქი და უცხოელი მაშველი.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე 10 პროვინციაში, მათ შორის ქალაქებში გაზიანთეპში, მალათიაში, ადანასა და დიარბაქირში დანგრეული ან დაზიანებულია სულ მცირე 11 000 შენობა. დროებით თავშესაფრებშია განთავსებული 338 500-ზე მეტი მოქალაქე. თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიის ზონამ მოიცვა დაახლოებით 110 000 კმ² ფართობი და 13,5 მილიონ მოქალაქეს შეეხო.
თურქეთმა ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.
მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის ტერიტორიაზე იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 1600-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი 3600-ს აჭარბებს.
დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.