Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია შობას ახალი სტილით 25 დეკემბერს იზეიმებს


მიტროპოლიტი სვიატოსლავი (მარცხნივ), უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი
მიტროპოლიტი სვიატოსლავი (მარცხნივ), უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი

2023 წლის 1 სექტემბრიდან უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია ფიქსირებული (უძრავი) დღესასწაულების აღნიშვნის ახალ სტილზე გადადის. ამის შესახებ ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის (UGCC) სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება უამრავი მორწმუნის მოთხოვნის საფუძველზე.

"კერძოდ, ქრისტეს შობა არის 25 დეკემბერს, ნათლისღება არის 6 იანვარს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება - 25 მარტს", - ნათქვამია ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

მრევლს, რომელიც ჯერჯერობით მზად არ არის ასეთი ნაბიჯისთვის, ფიქსირებული (უძრავი) დღესასწაულების აღნიშვნა ისევ ძველი სტილით (იულიუსის კალენდრის მიხედვით) შეეძლება 2025 წლის სექტემბრამდე. აღდგომას და მასთან დაკავშირებულ სხვა მოძრავ თარიღებს უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია უკრაინაში როგორც ადრე, ისევ ძველი სტილით იზეიმებს.

2022 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების ნახევარზე მეტი შობის აღნიშვნას 7 იანვარს აპირებდა. ამავე დროს, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ეს მხოლოდ 25 დეკემბერს გააკეთა. ასევე გაიზარდა იმ უკრაინელების რიცხვი, რომლებმაც შობა ორივე თარიღით- 25 დეკემბერს და 7 იანვარს - აღნიშნეს.

2022 წელს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეპარქიებს საშობაო ღვთისმსახურების 25 დეკემბერს ჩატარების ნება დართო.

უნიატური - ანუ ბერძნულ-კათოლიკური - ეკლესიის მრევლი მსოფლიოში 5 მილიონს უახლოვდება. ყველაზე დიდი მრევლი უნიატურ ეკლესიას ჰყავს დასავლეთ უკრაინაში, შემდეგ კანადასა და ამერიკაში, სადაც რამდენიმე მილიონი უკრაინელი ემიგრანტი ცხოვრობს.

ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია სიდიდით მესამეა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ.

XS
SM
MD
LG