რუსულმა სასამართლომ ჟურნალისტი ალექსანდრ ნევზოროვი დამნაშავედ ცნო რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში „პოლიტიკური სიძულვილის მოტივით“ და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ ნევზოროვს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა. ჟურნალისტს, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, 4 წლით აუკრძალეს ინტერნეტ-რესურსების ადმინისტრირებაც.
გამოძიების ვერსიით, 2022 წლის 9 მარტს, ალექსანდრ ნევზოროვმა ინსტაგრამსა და იუთუბზე შეცნობილად გამოაქვეყნა ცრუ ინფორმაცია რუსული არმიის მიერ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაცხრილვის შესახებ. ბრალდების მხარე ნევზოროვისთვის 9 წლით პატიმრობას ითხოვდა, ადვოკატები კი - გამამართლებელ განაჩენს.
ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2022 წლის მარტის ბოლოს აღძრეს. აპრილში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნევზოროვი „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა. მაისში რუსეთის შსს-მ ჟურნალისტი შეიყვანა საერთაშორისო ძებნილთა სიაში. 2022 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ნევზოროვმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
რუსეთმა არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების საწინააღმდეგო კანონი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიიღო. კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის მარტიდან და მის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო არაერთი ჟურნალისტის, ბლოგერისა და პოლიტიკოსის წინააღმდეგ.