პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკამ რეანიმაციაში გადაყვანა შესთავაზა და ახლა ელოდება, როდის გადაიყვანენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
"მე ვნახე სააკაშვილი, უკეთდებოდა გადასხმა, ექთანი შემოვიდა. ბატონ მიხეილს ვკითხე, რა ხდება-მეთქი. მითხრეს, გადასაყვანი ხარო, მე თანხმობა განვაცხადე და ველოდები, როდის გადამიყვანენო. როგორც მან იცის, დღეს უნდა გადაიყვანონ. მითხრა, კლინიკა კარგად, გულისხმიერად მექცევაო", - ამბობს ადვოკატი.
მანამდე კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ და პალატაში რჩება.
ექსპრეზიდენტის რეანიმაციაში გადაყვანაზე ინფორმაცია თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ჩალაძემ გაავრცელა, კლინიკა "ვივამედთან".
დღეს დილით მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ, მოინახულა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ სააკაშვილმა გამთენიისას ისევ დაკარგა გონება.
"გონება დაკარგა ღამით, დაახლოებით 3-4 საათისთვის, როგორც მითხრეს. როცა შევედი ნევროლოგი და სხვა ექიმები დამხვდნენ, გასინჯეს. როგორც [მიხეილ სააკაშვილმა] მითხრა, დაზიანებები მივიღეო. საშინელი ფერი აქვს და ძალიან მაღალი, 390-მდე სიცხე ჰქონდა. კოვიდი გავლილი აქვს, უარყოფითია PCR ტესტი", - თქვა ალასანიამ.
"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლინიკის პერსონალს უშუალოდ გულის წასვლა არ დაუნახავს და ეს იციან მხოლოდ პაციენტის გადმოცემით. "მისი [მიხეილ სააკაშვილის] გადმოცემით, წამიერად დაკარგა გონება და დაეცა", - ამბობს ის.
28 იანვარს ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეამცირა საკვების მიღება და უარს აცხადებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურების ჩატარებაზე.
ჩხაიძემ სააკაშვილის ახლობლებს მოუწოდა, დაარწმუნონ ექსპრეზიდენტი, რომ ექიმების რეკომენდაციებს დაემორჩილოს.