Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არ გადაგვიყვანია, პალატაშია" - ნადირაძე სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანაზე


მიხეილ სააკაშვილის ჩართვა სასამართლო სხდომაზე. 22 დეკემბერი, 2022 წელი
მიხეილ სააკაშვილის ჩართვა სასამართლო სხდომაზე. 22 დეკემბერი, 2022 წელი

კლინიკა "ვივამედის" დირექტორის, ნინო ნადირაძის, განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ და პალატაში რჩება. "არ გადაგვიყვანია, პალატაშია", - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ექსპრეზიდენტის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანაზე საუბრობს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. მისი თქმით, ახლა სწორედ გადაყვანის პროცესია და თავად გეგმავს, რომ კლინიკაში შევიდეს მის მოსანახულებლად.

მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ჩალაძემ გაავრცელა, კლინიკა "ვივამედთან".

დღეს დილით მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ, მოინახულა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ სააკაშვილმა გამთენიისას ისევ დაკარგა გონება.

"გონება დაკარგა ღამით, დაახლოებით 3-4 საათისთვის, როგორც მითხრეს. როცა შევედი ნევროლოგი და სხვა ექიმები დამხვდნენ, გასინჯეს. როგორც [მიხეილ სააკაშვილმა] მითხრა, დაზიანებები მივიღეო. საშინელი ფერი აქვს და ძალიან მაღალი, 390-მდე სიცხე ჰქონდა. კოვიდი გავლილი აქვს, უარყოფითია PCR ტესტი", - თქვა ალასანიამ.

მანამდე, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლინიკის პერსონალს უშუალოდ გულის წასვლა არ დაუნახავს და ეს იციან მხოლოდ პაციენტის გადმოცემით. "მისი [მიხეილ სააკაშვილის] გადმოცემით, წამიერად დაკარგა გონება და დაეცა", - ამბობს ის.

28 იანვარს „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელაპარაკა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შეამცირა საკვების მიღება და უარს აცხადებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურების ჩატარებაზე.

ჩხაიძემ სააკაშვილის ახლობლებს მოუწოდა, დაარწმუნონ ექსპრეზიდენტი, რომ ექიმების რეკომენდაციებს დაემორჩილოს.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი 2022 წლის 12 მაისიდანაა კლინიკა "ვივამედში". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

XS
SM
MD
LG